მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა სულგუნს პერსპექტივა ნიდერლანდების ბაზარზე? - ელჩის პასუხი

5fce5e980fc8e
თამთა ჯიჯავაძე
08.12.20 00:00
1693
ვფიქრობ, ჰოლანდიელი მომხმარებელი მოხარული იქნება, თუ ქართულ ტრადიციულ ყველს სამშობლოში დააგემოვნებს, - ამის შესახებ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰოლანდიელები ყველის დიდი მოყვარულები არიან. ქართული ტრადიციული ყველის სახეობების, მაგალითად სულგუნის ჰოლანდიურ პერსპექტივებზე საუბრისას კი, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარულია ნიდერლანდებში. „პანდემიამდე ბევრი ჰოლანდიელი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ისინი კვლავ ჩამოვლენ. მათ ძალიან უყვართ საქართველო, ქართული პროდუქტები. ასე რომ ვფიქრობ, ისინი მოხარულები იქნებიან რომ თავიანთ ქვეყანაშიც დააგემოვნონ [ქართული ყველი]“, - აღნიშნა ელჩმა.

თუმცა, მისივე თქმით, იმისათვის რომ საქართველომ რძის პროდუქტების ექსპორტი განახორციელოს, საჭიროა საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება.

„ხდება ხარისხის კონტროლი, არსებობს DCFTA საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესში. ასევე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიზანია საკვების უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით წარმოების ხელშეწყობა. ასევე ქართული ღვინოც.. ვისურვებდი რომ უფრო მეტი ქართული ღვინო მენახა ნიდერლანდების სუპერმარკეტებში, ვინაიდან მას კარგი სახელი აქვს და ხალხს უყვარს ეს პროდუქცია“, - აღნიშნა ჰოლანდიელმა დიპლომატმა.

მანვე ქართული სოფლის მეურნეობის და რძის პროდუქტების ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს შეეძლოს იმდენი რძის წარმოება, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს და წარმოება საკვების უსაფრთხოების სტადარტს შეესაბამებოდეს.

„ადგილობრივი წარმოების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს განსაკუთრებით ჩვენ დავინახეთ პანდემიის პირობებში, რათა ქვეყანა იყოს თვითკმარი ამ კუთხით და ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია, როგორც რეგიონულმა სოფლის მეურნეობის ჰაბმა“, - დასძინა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები