მას შემდეგ, რაც 7-წლიანი მინისტრობის მერე დავით სერგეენკო ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი უწყების პირველი პირის პოსტს დაემშვიდობა და პრემიერის მრჩევლად გადაინაცვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს ჩააბარეს.
რა იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც 4 მლრდ-მდე ლარის ბიუჯეტის მქონე უწყება სწორედ მას ჩააბარეს, კონკრეტულად უცნობია, მაგრამ ცნობილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძე მინისტრობამდე საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.
უკვე თითქმის ორი თვე ხდება, რაც ახალი მინისტრი საქმიანობას შეუდგა, თუმცა მან, ჯერჯერობით, მედიას საჯარო აქტიურობით თავი ვერ დაამახსოვრა. ამ დრომდე არც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტრადიციულ პრესკონფერენციებზე გაუცია პასუხები ჟურნალისტების კითხვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჯანდაცვის მინისტრის პროფილური თემებიც იყო დღის წესრიგში და მედიის მხრიდანაც იყო მასზე მოთხოვნა.
გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან კომუნიკაციას სხვა საჯარო ღონისძიებების დროსაც გაურბის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, როცა პრემიერმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის ერთ ლარად შეძენის პროგრამის განახლებული პირობების პრეზენტაცია გამართა, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ შაბლონური „სფიჩით“ შემოიფარგლა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
რა ხედვით მოვიდა ეკატერინე ტიკარაძე ყველაზე მსხვილბიუჯეტიან სამინისტროში? შეხვდა თუ არა ის ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს? როგორ აპირებს ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას, რაზეც მინისტრად წარდგენის დღეს თავად ისაუბრა - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც bm.ge-ს აქვს და შესაბამის ადრესატებთანაც დასვა. როგორც აღმოჩნდა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თუ ინიციატივა ახალ მინისტრს თავად არ გამოუთქვამს, თუმცა დაახლოებით, ერთი თვის წინ ეკატერინე ტიკარაძეს თავად ფარმაცევტებმა მიმართეს.
რა კითხვები აქვს ჯანდაცვის სექტორს ეკატერინე ტიკარაძესთან?
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, რა იგულისხმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში და რა ცვლილებებს გეგმავს ის ამ მიმართულებით.
„ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ შეგვხვედროდა, მაგრამ არ გვაქვს ჯერ პასუხი. რადგანაც განაცხადა, რომ ფარმაციაში იქნება ცვლილებები, ამ კუთხით გვაინტერესებდა მასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხედვით მოვიდა და როგორ აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ უწყებასთან აქტიურად ვმუშაობდით დავით სერგეენკოს დროს. ვფიქრობთ, ეცნობა ყველაფერს და ველოდებით, რომ აუცილებლად შეგვხვდება“, -აცხადებს ირინა ჭელიძე.
ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრის სურვილი აქვთ ჯანდაცვის სპეციალისტებსაც.
ვახტანგ სურგულაძე ტიკარაძეს საჯარო აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთადერთი ცვლილება, რაც მისი მოსვლის შემდეგ სამინისტროში დაიწყო, არის ის, რომ ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.
სავარაუდოდ, ეს იმ სტრუქტურული ცვლილებების შედეგია, რომელიც ტიკარაძის ჯანდაცვის სამინსიტროში მისვლიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო და რაზეც მცდელობის მიუხედავად, ინფორმაცია გასულ კვირაში უწყებიდან არ მოგვაწოდეს.
„პრაქტიკულად, ის 4 სამინისტროს ხელმძღვანელობს. ეს არის შრომა, ეს არის დევნილები, ეს არის სოციალური საკითხები და ეს არის ჯანდაცვა. მე რომ ვიყო მის ადგილას, ყოველ სამშაბათს მოვაწყობდი ბრიფინგს ან პრესკონფერენციას. ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ძალიან გახსნილი და პირიქით, ჟურნალისტებს უნდა სთხოვდეს, რომ თემები მიაწოდონ, პრობლემები ნახოს. მას არ უნდა აინტერესებდეს, რა არის კარგი, არამედ უნდა ინტერესდებოდეს, რა არის ცუდი, რომ ის ცუდი გამოასწოროს.
მან დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები, ყველა სამინისტროს თანამშრომელს დააწერინეს განცხადება წასვლაზე, მათ შორის რეგიონალური სასწრაფოს ექიმებს, მძღოლებასაც - კი. მიდის შტატების დათვლა, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება, ზოგიერთი შეიძლება დატოვონ, ზოგიერთი -გაუშვან. მე როცა ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში, ყოველთვიურად გვქონდა შეხვედრა ცალკე სტაციონარებთან, ცალკე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სხვათაშორის წინა მინისტრიც არ აკეთებდა ამას. ეს შეხვედრები სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უნდა ვმართოთ - არა. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ინფორმაცია მივიღოთ, რა გამოვასწოროთ“, - აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.
მართალია, ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებიდან დიდი დრო არ არის გასული, თუმცა როგორც ჯანდაცვის კიდევ ერთო სპეციალისტი, სერგი ჩიხლაძე bm.ge-ისთან ამბობს, ორი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ მინისტრმა ზოგადი ხედვა მაინც წარმოადგინოს და საზოგადოებას თავი დაამახსოვროს.
„ახალ მინისტრად როცა ინიშნები, პირველივე დღიდან რაღაც ხედვა უნდა გქონდეს. გასაგებია, დეტალურად გაწერილ გეგმას მუშაობა სჭირდება, ამას არავინ სთხოვს, მაგრამ 2 თვე გადის. მას აბარია 4 მილიარდი ლარის ბიუჯეტის მქონე უწყება, ამიტომ ის ვალდებულია, ისაუბროს რა ხედვით მოვიდა ამ თანამდებობაზე; როცა ორი თვის თავზე კომენტარს არ/ ვერ აკეთებ გეგმებზე, ვერ საუბრობ ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. მას არავინ სთხოვს სისტემის ძირეულ გარდაქმნას 2 თვეში.
მარტო იმის თქმა, რომ წამლები პრობლემაა, არაფერს ნიშნავს. ჩვეულებრივი მოქალაქე რომ გავაჩეროთ, ამას ისიც იტყვის. საჯარო კომუნიკაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ეს არ კეთდება, ეს ბადებს ეჭვს მინისტრის კომეპტენციაზე, მის უკან ვინც დგას იმის ნებაზე და ობიექტური თუ სუბიექტური სპეკულაციის საგანი ხდება“, - აცხადებს ჩიხლაძე.
მისივე თქმით, მნიშვენლოვანია, მინისტრი შეხვდეს ასოციაციებს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს და თემატური შეხვედრები ჩაატაროს.
„უნდა თქვას, რა დახვდა სამინისტროში, რა გამოწვევებია და რა რეაგირებას მოახდენს. თუ ეს არ გაკეთდა, შეგვიძლია ობიექტურად დავასკვნათ, რომ არ აქვს ხედვა, არ ჰყოფნის კომპეტენცია ან არ ჰყოფნის კომუნიკაციის უნარი, რაც საჯარო მოხელეს და მინისტრს უნდა გააჩნდეს. რასაც ვხედვათ, ეს არის არატრანსფარენტული, მათ შორის საზოგადოებისადმი, ჟურნალისტებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მინისტრი გაურბის საჯარო შეხვედრებს და საჯარო აზრის დაფიქსირებას“, - აცხადებს სერგი ჩიხლაძე.
ეკატერინე ტიკარაძის ხედვებზე მინისტრის მოადგილე საუბრობს
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ახალი მინისტრის მისამართით გაკეთებული შეფასებების და მოლოდინების მოსმენის შემდეგ, Bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და ეკატერინე ტიკარაძეს ინტერვიუს ფორმატი შევთავაზეთ, რათა ყველაზე მსხვილი უწყების პირველი პირის ხედვებსა და გეგმებზე მეტი ინფორმაცია მიგვეღო. ასევე დაგვესვა ყველა ის კითხვა, რაც სექტორს აწუხებს, მაგრამ ამ ეტაპზე მინისტრთან ინტერვიუ ვერ შედგა და თავად ეკატერინე ტიკარაძის ხედვებსა და სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შემოგვთავაზეს.
კითხვაზე - რა იგულისხმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში, გაბუნია განმარტავს, რომ ფარმაციის კუთხით გარკვეული მიმართულებები უკვე განსაზღვრულია და მთავრობის წინასწარი ხედვაც არსებობდა ამაზე, რის მიხედვითაც სამინისტრო მიყვება პროცესებს. საუბარია, წამლის მწარმოებლებისთვის „GMP“ და „GDP“ სტანდარტებზე, რომელიც 1 ივლისიდან უკვე შევიდა ძალაში, თუმცა 2022 წლამდე ის მწარმოებლებისთვის ნებაყოფლობითია.
„რაც შეეხება წამლის კანონმდებლობას, ეს სფეროც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროდირექტივებთან. ახლა ჩვენ ვფიქრობთ და რა თქმა უნდა, ეს თემა გაიხსნება ყველა მხარისთვის, ჩამოყალიბდეს პროფესიული პლატფორმა საკანონმდებლო და სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოდ და ეს ყველაფერი ჩატარდება ფართო კონსულტაციების რეჟიმში; სადღაც ოქტომბერში ინტენსიურად დაიწყება მუშაობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე და ირწმუნება, რომ სწორედ ამ ცვლილებებს გულისხმობდა ახალი მინისტრი, როცა ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტად დაანონსა.
რაც შეეხება დარგთან კომუნიკაციას, გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს მუშაობის ფორმატი არ შეიცვლება და ყველა მექანიზმი, რასაც იყენებდა უწყება საკონსულტაციოდ ფარმაცევტულ ასოციაციასთან თუ სხვა დაინეტერსებულ მხარესთან, გაგრძელდება და ამ პროცესში მინისტრიც ჩაერთვება.
რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში
კიდევ ერთი თემა, რაც ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის ამ მოკლე პერიოდს უკავშირდება, ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.
როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უწყების ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა რეორგანიზაციას მათი პოსტიდან გათავისუფლება მოჰყვეს.
გაბუნია განმარტავს, რომ ეს სტანდარტული გაფრთხილებაა და არ ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ისინი თანამდებობებს დატოვებენ.
„24 ივლისს გამოიცა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ასევე მის დაქვემდებრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აქ არის გამაფრთხილებელი განცხადება , რომელიც ასევე სტანდარტული პროცედურის ნაწილია. თანამშრომლები გაეცნენ ამ განცხადებას, რომ მას შესაძლოა, მოჰყვეს სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თანამშრომელს კონკრეტული რისკი აქვს სამსახურის დაკარგვის“, - განმარტავს გაბუნია.
მისი თქმით, რეორგანიზაციის მიზანია, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შორის ფუნქციური ერთეულების გაჩენა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს.
„აქ ადამიანების მოზიდვაზე უფროა საუბარი, ვიდრე არსებულის სამსახურიდან გათავისუფლებაზე“, - ამბობს გაბუნია.
მისი თქმით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სექტემბერში საბოლოო ხედვა ჩამოყალიბდება.
როდის გააქტიურდება ეკატერინე ტიკარაძე?
კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პასუხის გაცემა თამარ გაბუნიას ეკატერინე ტიკრაძის ნაცვლად მოუწია, საჯაროდ მინისტრის ნაკლებ აქტიურობას ეხება.
„შიდა სამუშაო პროცესში ვართ და ქალბატონ ეკასთან ერთად საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკის პრიოროტეტებზე ღრმა ტექნიკური შეხვედრები გვაქვს. დადგება ალბათ მომენტი, როცა გააქტიურდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ცნობითვის: მინისტრობის თითქმის 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძის ანგარიშზე 20-მდე ოფიციალური შეხვედრაა, მაგრამ არცერთი ასოციაციებთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.
კერძოდ, ამ დროის განმავლობაში მინისტრი შეხვდა ავსტრიის ელჩს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ჩეხეთის ელჩს საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში, გერმანიის ელჩს, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ასევე დაესწრო რამდენიმე გასვლით შეხვედრას - აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებაა. 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.863 მილიარდი ლარია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება.
3.8 მილიარდი ლარი არის რეკორდული თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2006 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 3.85 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის 12.7-მილიარდიანი ბიუჯეტის 30%-ს დახარჯავს.

























