„რეფორმის მიუხედავად, არ ჩანს ჰორიზონტზე, რომ პენსიების ზრდისთვის ასეთი მასშტაბური ხარჯის გაწევა მომავალში აღარ დაგვჭირდება“ - IDFI -ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა საპენსიო სააგენტოსთვის მეტი საინვესტიციო მოქნილობის მინიჭების მომხრეა.
„საპენსიო სააგენტოს გაბედული ნაბიჯების მიუხედავად არ ჩანს ჰორიზონტზე, რომ მომავალში შეჩერდება პენსიების ზრდისთვის ასეთი დანახარჯების გაწევა (დამატებით 0.5 მლრდ ლარის გამოყოფა 2023 ბიუჯეტიდან). რატომ იცით? სახელმწიფო პენსიის ალტერნატივა რაც არის, იქ არ ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საპენსიო სააგენტოს ხელ-ფეხი გავუხსნათ, რომ საპენსიო დანაზოგები არ შემცირდეს. ეს არის იმედი, რომ ოდესმე ჩვენ მიმდინარე სოციალური ხარჯებიდან ჩვენ ძალიან მწირ ფისკალურ რესურსს მივმართავთ ქვეყნის განვითარებაზე“, - ამბობს მიხეილ კუკავა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით, ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იმის გათვალისწინებით, რომ 20%-იანი დანამატი არსებობს, 438 ლარს შეადგენს.
70 წლამდე პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 295 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით 354 ლარი იქნება.




























