მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ჩანს ხელისუფლების მზადყოფნა უვიზო რეჟიმის დასაცავად – IDFI-ის შეფასება

აიდიეფაი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, საქართველო არა მხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების, არამედ ეკონომიკური და საინვესტიციო ზარალის წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერ რთულია კონკრეტულად ითქვას, რა მასშტაბის შემცირება შეიძლება განიცადოს ქვეყნის ეკონომიკამ გრძელვადიან ან მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ყველა არსებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ნეგატიური გავლენა გარდაუვალია.

„დაეტყობა ტურიზმის სექტორს, ფულად გზავნილებს. ეტაპობრივად მოხდება საინვესტიციო გარემოს გაუარესება, ვინაიდან რეპუტაციული ზიანი, რომელიც მიადგება ქვეყანას, რა თქმა უნდა დაარტყამს საინვესტიციო გარემოს და შემდგომში აისახება მთლიანად ნებისმიერ ეკონომიკურ მაჩვენებელზე”, - აღნიშნა თუშურაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისაა, რომ ევროკავშირის მხრიდან დადგენილი ვადა, აგვისტოს ბოლომდე არის კრიტიკულად მოკლე იმისთვის, რომ ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგას. თუშურაშვილის თქმით, ხელისუფლების ქმედებებში ამ დროისთვის არ იკვეთება ნება იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლა, როგორც ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ეფექტურად დაიცვას.

„სამწუხაროდ, არ ჩანს იმის წინაპირობა პირველადი განაცხადებითა და რიტორიკით, რომ ხელისუფლება ცდილობს რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ამ მონაპოვარის შენარჩუნებას. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ ამ სიკეთეების დაკნინებას, რაც წლების განმავლობაში მოუტანა ქვეყანას ვიზალიბერალიზაციამ“, - განაცხადა თუშურაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში უკვე არსებობს ფართო გააზრება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვიზალიბერალიზაცია მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, თუშურაშვილის შეფასებით, რთული იქნება ამ თემაზე სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული პროპაგანდის გავლენა მოსახლეობაზე.

„ვიზალიბერალიზაციის სიკეთეების მასშტაბი იმდენად დიდი იყო და მოსახლეობის დიდ ნაწილზე ჰქონდა პირდაპირი თუ ირიბი გავლენა, რომ საკმაოდ გაუჭირდება პროპაგანდას დააჯეროს მოქალაქეებს, თითქოს ეს მხოლოდ ვიზების რიგში დგომის დისკომფორტია და სხვა მხრივ არანაირი ზეგავლენა არ ექნება“, - დასძინა თუშურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები