ჩვენ სწორედ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სრულად არის დაფინანსებული. მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი კანონს – დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ, - ამის შესახებ “ერასმუსის” სასწავლო პროგრამების, “ერასმუს მუნდუსისა” და “ერასმუს+”-ის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს ეხება.
სტუდენტები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ, არ მიიღონ რუსული კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
„როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა ისევ ღიაა საქართველოსთვის და ევროპის კავშირი ჩვენგან ელოდება 12 რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, აღნიშნული კანონპროექტის არათუ მიღება, განხილვაც კი აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულო ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროპის კავშირთან და აშშ-სთან.
ხელმომწერები სწორედ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სრულად არის დაფინანსებული. ათასობით ახალგაზრდას საქართველოდან გვეძლევა უნიკალური შანსი მივიღოთ ევროპული დონის განათლება და აკადემიური ხარისხი უფასოდ, მაღალკონკურენტულ გარემოში და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
შესაბამისად, ჩვენ, "ერასმუს მუნდუსის" ერთობლივი სამაგისტრო და Erasmus+- გაცვლითი პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას და მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს – დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 40 ადამიანი აწერს ხელს.