ახალი სამოქალაქო მოძრაობის “აირჩიე ევროპა” თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ქართულ ბიზნესს პროტესტის ხმამაღლა გამოთქმის არ ეშინია და კარგად ესმის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა.
მოძრაობის პრეზენტაციაზე ივა ჭყონიამ აღნიშნა, რომ ბიზნესი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის კარი არ დაიხუროს.
„ხშირად მომისმენია წყენა, რომ თითქოს ბიზნესი ხმას არ იღებს, ბიზნესი ხმას იღებს, აქ არის წარმოდგენილი არაერთი ბიზნესასოციაცია, რომელსაც ხმამაღლა გაუპროტესტებია, რაც დღეს ხდება. ნამდვილად არ გვეშინია, იმიტომ, რომ დღეს, ჩვენი არჩევანი მხოლოდ არის ევროპა. ევროპა 500-მილიონიანი ბაზარია, ბიზნესს ეს ძალიან კარგად ესმის. აქ არის ფერმერთა ასოციაცია წარმოდგენილი, ხვალ ეს ხალხი უნდათ, რომ დაასახელონ როგორც აგენტები, რადგან დიდი დახმარება მოდის. ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ დღეს, პირველ რიგში, ჩვენი კეთილდღეობისთვის, რათა ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენ ვდგავართ ყველა იმ ძალის გვერდით, ვინც მომავალს ხედავს ევროპაში. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ იმ ადამიანებს უფლებას, ვინც ცდილობენ, რომ გადაჯეგონ ნანატრი თავისუფლება. ჩვენთვის ახლა, როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა და არ დავუშვებთ, რომ დაიკეტოს. ქართული ბიზნესი ყველაფერს გააკეთებს, ჩვენ არავისი არ გვეშინია, ბოლომდე, გამარჯვებამდე...“,- თქვა ივა ჭყონიამ.
დღეს ახალი ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობას „აირჩიე ევროპა“ ჰქვია და როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე; თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა; ექსპერტი გიორგი რუხაძე; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი; ივა ჭყონია.