მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ გამორთოთ ძრავა, პირიქით - სრული სიმძლავრით აამუშავეთ! - ექსპერტის რეკომენდაცია ტურიზმის წარმომადგენლებს კრიზისის დასაძლევად

ფარუჰ ჰაშიმ

ახლა ბაზრიდან გასვლის ან პოზიციების შესუსტების დრო არ არის. პირიქით, მისი მთავარი რეკომენდაცია „აგრესიული“ განვითარება და დასავლურ ბაზრებზე აქტიური გასვლაა - ამის შესახებ BMG-სთან საერთაშორისო ბიზნეს-ტურიზმის ექსპერტი, Tarifa Summit Georgia-ს ორგანიზატორი ფარუჰ ჰაშიმი საუბრობს და ქართულ ბაზარს სტრატეგიული აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მაშინ, როცა რეგიონში ტურისტული ნაკადები მცირდება, საქართველომ კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს.

„ჩემი პირადი რეკომენდაცია ადგილობრივი პარტნიორებისთვის ასეთია: არ გამორთოთ ძრავა, პირიქით - აამუშავეთ იგი სრული სიმძლავრით! ახლა დროა მასობრივი რეკრუტირებისა და საკუთარი თავის აქტიური პრომოუშენისთვის ევროპასა და სხვა ქვეყნებში. გამოიყენეთ ეს მომენტი, სანამ შეგიძლიათ და მოიზიდეთ ბიზნესები თქვენს ქვეყანაში,“ - აცხადებს ფარუჰ ჰაშიმი BMG-სთან.

მისი განმარტებით, გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამო ბევრი ტრადიციული მიმართულება დაიხურა ან შეიზღუდა, რაც საქართველოსთვის უნიკალურ შანსს აჩენს. მისი თქმით, ის ტურისტები და ბიზნეს-ჯგუფები, რომლებიც ვეღარ შედიან გარკვეულ ქვეყნებში (მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზარი), ახლა ალტერნატიულ, უსაფრთხო ლოკაციებს ეძებენ.

„როდესაც სხვა ქვეყნები დაკეტილია ამ რთულ პერიოდში, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. ბევრი მოგზაური კვლავ ეძებს ახალ მიმართულებებს და თუ თქვენ აქტიურად იმუშავებთ, ეს უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ ინფრასტრუქტურასა და ბიზნესზე. აჩვენეთ ყველას, რომ საქართველო უსაფრთხო მიმართულებაა“, - აღნიშნავს ფარუჰ ჰაშიმი.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ხშირად, რეგიონული უსაფრთხოების აღქმაა. ჰაშიმი ხაზს უსვამს, რომ რეალობა ბევრად უფრო იმედის მომცემია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს.

„ადამიანებს აქვთ საკუთარი შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ვინც აქ ჩამოდის, ხედავს, რომ ქვეყანა ძალიან გახსნილია და საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა. ერთხელ ჩამოსული სტუმარი აქ აუცილებლად ბრუნდება“, - აცხადებს ჰაშიმი BMG-სთან და აღნიშნავს, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, საქართველო ევროპული ბაზრისთვის მიმზიდველი იქნება, თუკი ქვეყანა სწორ და აქტიურ მარკეტინგულ სტრატეგიას გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები