მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოვა, [EU-სკენ მიმავალ გზაზე] მხოლოდ ხელისუფლებას ვუყუროთ ხელებში და ჩვენ არაფერი ვაკეთოთ, და პირიქით - ბიზნესმენი

სოსო მანჯავიძე

არ გამოვა, რომ[ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე] მხოლოდ ხელისუფლებას ვუყუროთ ხელებში და ჩვენ არაფერი ვაკეთოთ, და პირიქით, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ „კეთილი და პატიოსანი“ არის ნატურალური, შაქრის დანამატების გარეშე, პროდუქტზე დიდი ინტერესი მივიღეთ თავიდანვე როგორც აშშ-დან, ისე ევროპიდან. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებზე, რომლებიც ევროპის მასშტაბით ტარდება. ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მიღება დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში. ეს გაზრდის ნდობას ჩვენი წარმოებისადმი. გამოფენებში, სხვადასხვა ბაზრებზე შესვლაში აუცილებლად დაგვეხმარება იმის თქმა, რომ საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. დაგვეხმარება, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში არ იცნობენ ქართულ წარმოებას და ვფიქრობ, არეალი გაიშლება. სტატუსის მიღება დაგვეხმარება და მეტი ინტერესი გაჩნდება სხვადასხვა ქვეყნებიდან - ალბათ მეტად დაინტერესდება ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და ა.შ. “, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

რაც შეეხება სიკეთეებს, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველომ უნდა მიიღოს ქვეყნის შიგნით და კითხვას, რამდენად მზად არის ქვეყანა, გატარდეს შესაბამისი რეფორმები იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის „სტატუსი“ შეიცვალოს, მანჯავიძე პასუხობს:

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე[რეფორმების გატარების მხრივ] მოხდება. როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების ჩართულობით. როგორც ხელისუფლება, ისე მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. არ გამოვა, რომ მხოლოდ ხელისუფლებას ვუყუროთ ხელებში და ჩვენ არაფერი ვაკეთოთ და პირიქით. ერთობლივი ძალებით უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. მაგალითისთვის დავასახელებ ჩემს სფეროს - სოფლის მეურნეობას. თავიდანვე უნდა დავაკმაყოფილოთ სტანდარტები. ბევრი საწარმო ვერ უმკლავდება ამას. მე მოვუწოდებდი მწარმოებლებს და კომპანიებს, რომ თავიდანვე იზრუნონ სტანდარტების დანერგვაზე. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი რაოდენობის პროდუქცია სოფლის მეურნეობის, რომ მსოფლიო გავაკვირვოთ, ან დომინანტი გავხდეთ რომელიმე ბაზარზე, ამიტომ ისე, როგორც ღვინოში მოხდა - მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტი შევქმნათ“, - თქვა მან.

ევროკომისიამ გასულ კვირაში საქართველოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები