ჯანდაცვის სპეციალისტი, ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს.
„ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია, პრაქტიკულად მთელ ფარმაცევტულ ბაზარს მართავს 3-4 კომპანია, რომელსაც აქვს ჯამში 80%-ზე მეტი ბაზრის წილი, რაც ნიშნავს, რომ ოლიგოპოლიაა.
ვერ დავასაბუთებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კარტელური გარიგებაც იყოს ამ 3-4 კომპანიას შორის. ურთულესია ამის კონტროლი, მაგრამ შეუძლებელი არ არის, ამას ძალიან ბევრი შრომა და სისტემური მიდგომა სჭირდება.
ფასები არის იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ფასების ზრდა რომ შეჩერდება, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. დაეცემა ლარი- ფასები გაიზრდება, რადგან მედიკამენეტები ძირითადი მაინც შემოდის უცხოეთიდან“-აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.
"კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგ მედიკამენტებზე ფასები 15%-18%-მდე გაიზარდა, ასევე არის გარკვეული ფარმაცევტული ნაწარმი, რომელიც 400%-ითაც კი გაძვირდა.
ივლისის ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა. კონკრეტულად, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა გაძვირდა 4.9%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3.4%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი 1.7%-ით.

























