"რეინვესტირების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდი ვერ იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო წლებში მას კლების ტენდენცია ექნება“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ქვეყანაში რეინვესტიციების შემცირებაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის რეპლიკაზე კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში რეინვესტირება პრაქტიკულად განახევრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო არ არის.
„რეინვესტირების მონაცემები შემცირებულია, მაგრამ 500 მლნ-ს გადასცდა რეინვესტირების მაჩვენებელი 2017 წელს, როდესაც წლიურად 200 მლნ დოლარზე მეტი არ იყო. კომპანიებმა დიდი ალბათობით მოგების გადასახადის რეფორმის გამო უზრუნველყოფა გააკეთეს და ეს თანხა ჩატოვეს. მაგრამ როდემდე შეიძლება დამფუძნებელმა თანხა კომპანიაში ჩატოვოს და აკეთოს რეინვესტირება? ყველა ამას აკეთებს, რომ საბოლოო ჯამში მოგება ნახონ.
როგორც ადგილობრივი კომპანიების შემთხვევაში, ასევე უცხოური კომპანიების შემთვევაში მოგების გადასახადის რეფორმა რამდენიმე წელი იმუშავებს, რომ რეინვესტირებაში ჩატოვონ, თუმცა მუდმივად კომპანიაში ფულის ჩატოვება ვერ მოხდება. საბოლოო ჯამში დამფუძნებელი შეეცდება ეს თანხა ნელ-ნელა გაიტანოს.
რეინვესტირების მაჩვენებელი წელს უფრო მაღალი გვაქვს, ვიდრე ეს 2016 წლის პირველ კვარტალში იყო. რა თქმა უნდა, 2017-18 წლებთან შედარებით შემცირებულია. მე ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს 2016 წელს იყო მოგების გადასახადის რეფორმამდე, თუმცა ეს ყოველწლიურად მზარდი ვერ იქნება და არ გამოვრიცხავ, რომ ამას მომდევნო წლებში კლებადი ტენდენცია ექნება"-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის: 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, რეინვესტიციებიც შემცირდა.
წლის პირველ სამ თვეში რეინვესტიციების სახით საქართველოში $87 მილიონი დოლარი ჩაიდო, ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით ნაკლებია.

























