RISS-ის დამფუძნებელი და RUSI-ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ნათია სესკურია, “ანალიტიკას” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება საქართველოს ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოდ აქცევს.
“ინვესტორებისთვის საქართველოს მიმზიდველობა ისაა, რომ რეგიონში დემოკრატიული სახელმწიფოების ნაკლებობაა და შესაბამისად, საქართველოს კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, საქართველოს აქვს ძალიან დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ის მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ევროპული ქვეყნები ცდილობენ, უფრო და უფრო შეამცირონ რუსეთზე დამოკიდებულება - ამ კუთხით, შავ ზღვაზე გასასვლელიდან გამომდინარე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა”, - ამბობს ნათია სესკურია.
RISS-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროევროპული საგარეო კურსის შენარჩუნება საქართველოს საინვესტიციოდ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
“მთავარი ისაა, რომ საქართველო მთელი ეს დრო ცდილობდა, დარჩენილიყო დემოკრატიულ ორბიტაზე და, შესაბამისად, ეს გაცხადებული კურსი, რაც გვაქვს, გვქონდა და გვექნება, იქნება ის, რაც ამ ქვეყანას სულ უფრო მიმზიდველს გახდის.
მაგრამ ეს პოლიტიკურ სტაბილურობასთან თანხვედრაში უნდა იყოს. არ გვაქვს ფუფუნება, რომ მუდმივად არასტაბილურ, ქაოსურ პოლიტიკურ ვითარებაში ვიყოთ, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება. ჩანს, რომ უფრო გრძელვადიან კრიზისში შევდივართ, ჩნდება კითხვები, არის თუ არა საქართველო მზად იმისთვის, რომ მივისწრაფოდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, - ამბობს ნათია სესკურია.