ის, რომ ომიკრონი სრულიად ლეტალური შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, სწორი მოლოდინი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზოგადად, გლობალური გამოცდილება უჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმების და ლეტალობის მაჩვენებელი იმაზე მცირეა, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ასეთი შემთხვევები იქნება. განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმული ადამიანები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ვინც არ არის ვაქცინირებული.
სრული გარანტია, რომ ლეტალობა არ დადგება, არ გვაქვს. ის, რომ ომიკრონი სრულიად ლეტალური შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, სწორი მოლოდინი არ არის. სიფრთხილე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წინა შტამების დროს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ბოლო 24 საათშოი გარდაცვლილთა მაჩვენებლის მატებას და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რათა დადგინდეს, გარდაცვალებები რომელი შტამით ინფიცირებას უკავშირდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა.

























