ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს არავითარი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ევროპის 5 სახელმწიფოს მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სამედიცინო დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურებმა ციხეში მომაკვდინებელი ბაყაყის შხამით მოწამლეს.
მედიასთან საუბრისას რუბიომ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების საუკეთესო ექსპერტების მიერ გასაჯაროებული დასკვნა ძალიან სამწუხაროა და სრულიად შეეფერება რუსეთის სპეცსამსახურების იმ ტაქტიკას, რომელსაც ისინი მრავალი წელია პოლიტიკური დისიდენტების გასანეიტრალებლად იყენებენ. ანალიტიკოსებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციის მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან შტატების ლიდერი რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს და კულუარულად, ომის შემდგომ ეკონომიკურ კავშირებსაც განიხილავს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, შეგახსენებთ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 14 თებერვალს 5 სახელმწიფოს მეცნიერების ერთობლივი სამედიცინო დასკვნა გასაჯაროვდა. დოკუმენტში ეწერა, რომ ექსპერტებმა მოკლული პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთიდან ჩუმად გამოტანილი ბიოლოგიური მასალები შეისწავლეს და მივიდნენ ვერდიქტამდე, რომ კრემლის სპეცსამსახურებმა ის ციხეში მოწამლეს და მოკლეს. როგორც ირკვევა, ნავალნი სამხრეთ ამერიკული მომაკვდინებელი ბაყაყის შხამის გამოყენებით შექმნილი ეპიბატიდინით მოწამლეს. აღნიშნული საშიში ნივთიერება მორფინზე 200-ჯერ უფრო მძლავრია და ის პირველ ეტაპზე ადამიანის სუნთქვის პარალიზებას, შემდგომ კი გულის გაჩერებას იწვევს. ცნობისთვის, გავრცელებულ ცნობას უკვე გამოეხმაურა რუსული მედია, სადაც 5 ქვეყნის ხელისუფლებების მიერ მხარდაჭერილი დასკვნა პროპაგანდისტულ შეთქმულებად შეფასდა.




























