მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გვაქვს შესაძლებლობა, ერთი ხელის მოსმით ნარჩენების სეპარირებაზე გადავიდეთ - კალაძე

61ee6dcb50028
ინგა მურუსიძე
24.01.22 13:55
799
ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.

საკითხი, რაც ამ ეტაპზე კრიტიკას იწვევს, მერის განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც შესაძლებელი იქნება, მიწისქვეშა ურნები განთავსდება. ვინაიდან მიწისქვეშა ურნების საპილოტე პროექტი უკვე განხორციელდა ჭავჭავაძის გამზირზე, რაც ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მერიის ახალი გადაწყვეტილებაც კრიტიკას იწვევს, ვინაიდან პროექტმა ვაკეშიც ვერ გაამართლა, რადგან ურნები თავის რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს და ნარჩენების სეპარირება იქ ამ დრომდე არ ხდება.

„ნაგვის სეპარირება მოხდება ეტაპობრივად, როცა მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება დანერგილი განსხვავებული ურნები. რაც შეეხება მიწისქვეშა ურნებს, ეს პირველ რიგში გაკეთდა იმისთვის, რომ სისუფთავე იყოს, ღია ურნები ანტისანიტარიის პრობლემებს ქმნის. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს საკითხი მოწესრიგებული და თბილისშიც, რა თქმა უნდა, იქნება მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებული, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს.

სეპარირება არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ გადასვლას, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთი ხელის მოსმით, ეს პროექტი განხორციელდეს. მივყვებით ეტაპობრივად. სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება და შესაძლებელია მიწისქვეშა ურნების განთავსება, ყველგან გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები