პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მან წინასაარჩევნო გარემოსა და მოლოდინებზე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
"ალბათ, მართლა არც ერთ არჩევნებს არ ჰქონია ამდენად დიდი მნიშვნელობა. ადამიანები მობილიზებულები არიან, გრძნობენ პასუხისმგებლობა და საკუთარი ხმის მნიშვნელობას. ვისაც საჭიროდ ჩათვლიან იმას უნდა მისცენ ხმა, მაგრამ მთავარია, რომ ამ არჩევნებზე უნდა მივიდეს ყველა. იმედია, ძალიან დიდი გამოცხადება იქნება",- თქვა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მან დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე გააკეთა კომენტარი. ჩუგოშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ევროკავშირი თავს ვალდებულად თვლის, ქართველებს აუხსნას, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
"რატომ კეთდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან არჩევნებთან ასე ახლოს ეს განცხადებები, ძალიან მძიმე როდესაც პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ხელისუფლებით ვერ მოხვდებით დასავლეთში, ეს გამოიწვია ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგიამ. "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქციელით, ყველაფრით თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირისკენ, მაგრამ ბანერზე დააწერა, რომ მაინც ევროკავშირისკენ მივდივართ. ეს იმიტომ გააკეთა, რომ მათ შორის "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ევროპული ტიპის ქვეყანა იყოს და მათ შეცდომაში შესაყვანად. ევროკავშირი თავს ვალდებულად თვლის, ქართველებს გააგებინოს, რომ თუ თქვენ ევროპაში ყოფნას აძლევთ ხმას, იცოდეთ, რომ იქ ამ პარტიით ვერ მოხვალთ",- თქვა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის როლია. თამარ ჩუგოშვილის თანახმად, დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და ასევე, სწორედ ის არის საზოგადოებაში ასეთი რადიკალიზმის შემოტანის წყარო.
"ამას კარგა ხანია უცხოელები ამბობენ, რომ როდესაც მასთან ქვეყანაზე სალაპარაკოდ მიდიოდნენ, ეს ელაპარაკებოდა ჩემი ფული, ჩემი ვერტმფრენი, ჩემი ნახატი... ანუ მასთან საუბარი შეუძლებელი გახდა და კერძო ბანკთან რომ პრობლემა შეექმნა, ითხოვდა, რომ სანამ არ მომიგვარებთ, მანამდე ფაქტობრივად საქართველო მეყოლება მძევლად. ეს თავად ილაპარაკა ინტერვიუში. ეს იმით დამძიმდა, რომ მხოლოდ თავად კი არ აყენებდა ამ საკითხს, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, როგორიც არის პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები, ასევე სთხოვდა, რომ შეხვედრებზე მისი პირადი ფინანსების საკითხი დაეყენებინათ. რეალურად აქედან დაიწყო სერიოზული პრობლემები საქართველოსა და დასავლეთს შორის.
ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არ გვაქვს არც ამის ფუფუნება და არც უფლება, საკუთარი შვილების წინაშე არ გვაქვს უფლება, რომ ამ კაცის [ივანიშვილის] საკუთარ ფულზე გაგიჟებას გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები",- აღნიშნა ჩუგოშვილმა.