საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული დირექტორი, დენის კრივოშეევი ამბობს, რომ არ ახსენდება პარლამენტი, რომელიც დრაკონულ კანონებს ისეთი მასშტაბითა და სიჩქარით იღებდეს, როგორც ამას „ოცნების“ პარლამენტი აკეთებს.
როგორც მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში შემზღუდავი კანონები კიდევ უფრო შემზღუდავი ხდება, ჯარიმები იზრდება, რაც ადამიანის უფლებებისთვის უფრო სასტიკი ხდება. "ეს არაა განზრახვა, ესაა პრაქტიკა, ადამიანის უფლებების და მათი გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა", - ამბობს "საერთაშორისო ამნისტიის" რეგიონული დირექტორი.
მისივე თქმით, "ოცნება" ზრდის და აფართოებს დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას.
"საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის - არა. ეს ახალი კანონმდებლობაც ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, ხალხი თავდასხმის სამიზნე ხდება.
ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა. ასევე, ხალხის უფლებას და შესაძლებლობას, პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რაც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.



























