მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ [უვიზო რეჟიმი] გაგრძელდება - ყოფილი საჯარო მოხელე

დავით ბაზერაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ბაზერაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს.

"არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ [უვიზო რეჟიმი] გაგრძელდება“ - თქვა ყოფილმა ყოფილი საჯარო მოხელემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

დავით ბაზერაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ 250-მდე თანამშრომელს შორისაა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს.

დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმის პრივილეგიას? – „ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, ზუსტი პროგნოზის გაკეთებას არც შევეცდები, მაგრამ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რადგან ევროპის კავშირმა არაერთხელ მოგვიწოდა კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებისკენ და ბოლოს უკვე, თუ გნებავთ, ულტიმატუმი დაარქვით, ძალიან მკვეთრად [მოითხოვა] კონკრეტული საკითხების მოგვარება, რადგან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ კლუბის ღირებულებებს იზიარებენ“, - ამბობს ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის რეკომენდაციები მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ევროპულ პრინციპებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებასა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

„მოგეხსენებათ, საქართველოს უვიზო მიმოსვლა იმიტომ არ აქვს, რომ კარგი ხალხი ვართ ან ღვინო გამოვიგონეთ და ა.შ. არამედ იმიტომ, რომ ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს და ეს ღირებულებები შესაბამის დონეზე გვქონდა აყვანილი; თუ ეს არ გვექნება, ვკარგავთ საფუძველს, რატომაც უნდა ვსარგებლობდეთ ამ პრივილეგიებით.

[უვიზო რეჟიმის გაუქმება] არ იქნება [საქართველოს] დასჯა; უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ევროპულ ღირებულებებს და რიტორიკაც განსხვავებულია, პრივილეგია არ გექნებათ“, - აღნიშნა დავით ბაზერაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან ისაუბრა როგორ პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ და ტექნიკურ მიზეზებზე, რატომაც შეიძლება საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

„მინდა, ერთი რაღაც იცოდეს ყველამ - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც სავალდებულო სამართლებრივი დოკუმენტია, ითვალისწინებდა სამი ფორმატის - მთავრობათაშორის, საპარლამენტო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგი. ეს იყო ვალდებულება, მაგრამ დღეს არცერთ დონეზე არაა დიალოგი.

გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ვალდებულება იყო, რომ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში საჯარო განცხადებები და პოლიტიკის კურსი თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის კურსთან ანუ ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაფრის მომტანია ანუ ეს დარღვევაა - ამდენად, ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს ადგილი, არამედ ასოცირების შეთანხმების დარღვევასთანაც.

რა თქმა უნდა, ტექნიკური რისკებიც არის - ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, სადაც მანიფესტაციები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, იზრდება რისკი, რომ ადამიანები მოითხოვენ თავშესაფარს... რაც შეეხება [უვიზო რეჟიმის შეჩერების] პროცედურებს, პერსონალური სანქციებისგან განსხვავებით, საკმარისია ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობა და თუ დავაკვირდებით და მუდმივად ვაკვირდები ამ ქვეყნების მთავრობებში განწყობებს, სამწუხაროდ, არაა კარგი განწყობები“, - განაცხადა დავით ბაზერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები