"ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი, დავით ცაავა აღნიშნავს, რომ მისი შეფასებით მთავრობის მიერ დაანონსებული "ეკონომიკის განვითარების ბანკი" კომერციული ბანკების პირდაპირი კონკურენტი არ იქნება - ამის შესახებ "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"მეც მოვისმინე ეს განცხადება, არ მგონია რომ ეს იყოს პირდაპირი კონკურენტი კომერციული ბანკების, სხვა ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს, ვიცით, რომ ყველა ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა, შესაბამისად დაველოდოთ მოლაპარაკებას განვითარებაზე, როგორი სახით ჩამოყალიბდება და რა მანდატი ექნება ამ ახალ სტრუქტურას.
არ მგონია, რომ კონკურენციაში შევიდეს, თუმცა დაველოდოთ რა მანდატი ექნება ამ შემთხვევაში, რა რა მიმართულებას დაფარავს, თან შემდეგ უკეთ გამოჩნდება, მას შემდეგ რაც ეს იდეა იქნება უფრო ფართო წარმოდგენილი და დეტალები გვეცოდინება,"- აღნიშნავს დავით ცაავა ინიციატივასთან დაკავშირებით.
მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს - აღნიშნული მთავრობის მიერ პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. 7 თებერვალს კი აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მისი თქმით მოხდება "საქართველოს განვითარების ფონდის" და პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შერწყმა და ის ეკონომიკის განვითარებისთვის ბანკის მსგავს ფუნქციებს შეასრულებს.
საქართველოს მთავრობამ "ეკონომიკის განვითარების ბანკის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს.



























