“სიმართლე რომ გითხრათ, არამგონია, რომ ამ ადამიანების ყოფნა-არყოფნა გარკვეულწილად რაიმე ზეგავლენას იქონიებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე,”- ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასვლის შესახებ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მისი აზრით, კონსორციუმის დამფუძნებლის გასვლას პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გავლენა არ ექნება. “ არა კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, აქვთ ნაკისრი ეს ვალდებულებები, არამედ ეს არის, კონკრეტული კონსორციუმი,”- ამბობს ქარსელაძე.
“არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც ნაკისრი აქვს კონსორციუმს. ეს არის ის პირობები, რათა გაგრძელდეს პროექტის განხორციელება. საუბარია იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესასრულებლად, არა კონკრეტულ ფიზიკურ პირებს აქვთ ნაკისრი ეს ვალდებულებები, არამედ ეს არის, კონკრეტული კონსორციუმი, რომელშიც შედიან სხვა და სხვა მხარეები და სიმართლე რომ გითხრათ, სრუქტურულად, არამგონია, რომ ადამიანების ყოფნა-არყოფნა გარკვეულწილად რაიმე ზეგავლენას იქონიებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე. თუ ამას მეკითხებით, ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ამ პირების მონაწილეობით გააკეთებენ, თუ ამ პირების მონაწილეობის გარეშე გააკეთებენ, ამ დეტალებზე ცოტა მიჭირს საუბარი. მე რაც მინახავს ძალიან დიდი გუნდი არის ხოლმე წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან. არის ოპერაციების დირექტორი, არის განვითარების დირექტორი, ჰყავთ აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის კონკრეტული ორგანიზაცია, შესაბამისი სტრუქტურით, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულებები,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ ისინი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დაკავებულ თანამდებობებს დატოვებდნენ.

























