საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელ დავით ჩხეიძეს არ ჰგონია, რომ უნებართვო სარეკლამო sms-ების შეზღუდვა გაყიდვებს კატასტროფულად შეამცირებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ხვალიდან, 1-ელი მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც მომხმარებლის ნებართვის გარეშე, როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ სარეკლამო SMS-ებს, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნას კრძალავს.
დავით ჩხეიძე ამბობს, რომ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის sms მარკეტინგს „მეგასპორტიც“ იყენებდა, მაგრამ რეალურად, მათი ნებართვით.
„მეგასპორტს“ თავისი მომხმარებლის ბაზა აქვს, სადაც ვაგზავნიდით ხოლმე შეტყობინებებს, მაგრამ - არა უკითხავად; საკუთარ მონაცემებს კლიენტები გვიტოვებდნენ. ჩემი აზრით, sms მარკეტინგი მომხმარებელთან ურთიერთობისთვის უფრო ირიბი გზაა, ვიდრე - პირდაპირი და აგრესიული. ამდენად, არ მგონია, რომ უნებართვო სარეკლამო sms-ების შეზღუდვა გაყიდვებს კატასტროფულად შეამცირებს, თუმცა, რა თქმა უნდა, sms მარკეტინგი ძლიერი მასტიმულირებელი ინსტრუმენტია, რომლითაც წვდომა გვაქვს მომხმარებელთან“, - განაცხადა დავით ჩხეიძემ.
„მეგასპორტის“ დამფუძნებლის აზრით, სავარაუდოდ, რეგულაციის ამოქმედებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უფრო კარგად გამოჩნდება, რა გავლენა ექნება მას ვაჭრობის ბიზნესის შემოსავლებზე.
„საინტერესოა, Black Friday-ზე რა გავლენა ექნება რომელიც ვაჭრობის და მომსახურების ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა“, - დასძინა მან.
დავით ჩხეიძე ვარაუდობს, უნებართვოდ sms რეკლამების დაგზავნის შეზღუდვა, რომელსაც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი ითხოვს, ყველაზე მეტად იმ კომპანიებს დააზარალებს, რომელთა მთავარი საქმიანობა მოქალაქეების სატელეფონო მონაცემების შეგროვება და გაყიდვა იყო.
„ამ კანონით, რეალურად, ის ბიზნესები გააჩერეს, რომლებიც სატელეფონო ბაზების შეგროვებით და შემდეგ გაყიდვით იყვნენ დაკავებულები; მათ ეს რეგულაცია, რა თქმა უნდა, ძალიან დაარტყამს“, - აღნიშნა დავით ჩხეიძემ.