"პოლიტიკური მერყეობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება. როდესაც მსგავს საკითხებზე არსებობს გაურკვევლობა, წარმოდგენაც კი რთულია, რა შეიძლება ხდებოდეს ბიზნეს საკითხებთან მიმართებაში", - განცხადება ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი პაპავამ გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული რეგულაციები დაფუძნებული იყო არა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაზე, არამედ პოპულიზმზე. რაც მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობას აღვივებს.
"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი რომ ავიღოთ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რამდენად არის საკუთრების უფლება დაცული, რამდენად გამჭვირვალეა სასამართლო, სახელმწიფო თავის გადაწყვეტილებებში არის თუ არა მიკერძოებული. ამ პარამეტრებიდან საკმაოდ ბევრში ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს უკუსვლა. ანუ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რამაც შეიძლება ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაზარდოს და შეამციროს ის რისკები, რაც სამართალთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. გამჭვირვალობის გარეშე ძალიან რთული იქნება გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე აქცენტის გაკეთება", - აცხადებს გიორგი პაპავა.

























