"ვაპროტესტებთ რუსული ხელისუფლების მოქმედებებს", - ამის შესახებ IT/TECH კომუნის წევრები აცხადებენ. IT და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ. ისინი სამსახურებში წასვლის ნაცვლად, ორი დღის განმავლობაში, პროტესტს გამართავენ. მათი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საქართველოს რუსეთისკენ მიჰყავს.
"ამ პროტესტის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, ადამიანების ჩაგვრა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს იქნება ევროინტეგრაციისა თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით. შესაბამისად, არ შეგვეძლო უბრალოდ კულისებში ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე წყნარად გვეკეთებინა", - განაცხადა TBC-ის IT სპეციალისტმა.
სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულმა ასობით ადამიანმა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გამართა. რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საქართველო" და "სად მივდივართ? ევროპაში!"
"ჩვენს ქვეყანას დიდი მარყუჟი აქვს ყელზე მოჭერილი და რაღაც ბანდა, რაღაც გუნდი უკან ექაჩება, უფსკრულისკენ. ეს უფსკრული, რუსეთს დავუძახებთ მას თუ სხვა სახელს, არის ძალიან ცუდი. ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლება. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის კეთილდღეობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. ყველა გაცილებით უკეთესად ცხოვრობს. ყველაზე მთავარი არის თავისუფლება. ხოლო რაც ჩვენთან ხდება, ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ავტორიტარიზმი, საშინელი სიცრუე, ძალადობა, რაც სიტყვებით, ქმედებებით ჩვენი ე.წ მთავრობისგან მოედინება. ეს არის საწინააღმდეგო იმისა, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ვართ, რომ უსაფრთხოება არის მთავარი. ევროკავშირი და ნატო კი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია" , - განაცხადა "მაგთიკომის" ტელეკომუნიკაციების სპეციალისტმა.
IT და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ევროინტეგრაცია მათი სექტორისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
"ვაპროტესტებთ რუსი ოკუპანტი ხელისუფლების მოქმედებას. როგორც IT სპეციალისტები, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ვიფიცებით. IT სექტორისთვის მნიშვნელოვანია რესურსები, რაც ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნებში არის მობილიზებული", - აღნიშნა აქციის მონაწილებ.
"ინფორმაციული ტექნოლოგიები არის განვითარებაზე ორიენტირებული სფერო. ყოველდღიურად ვითარდება. ამას ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ გარემოა ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უბრალოდ ვერ იჯდები და ვერ განავითარებ პროდუქტს თუ შენი ქვეყანა უკან მიდის და ასეთი რეპრესიული გარემოა. ევროპაში და ზოგადად დასავლეთში იქმნება თანამედროვე პროდუქტები სტარტაპების თუ ფინტექ მიმართულებით და ჩვენ მათ ვუყურებთ, საუკეთესო გამოცდილებებს ვიმეორებთ და ვქმნით პროდუქტებს, რომელიც მათთვის, ანუ დასავლეთის სხვადასხვა ბაზრისთვის რელევანტურია", - თქვა აქციის მონაწილემ.
"ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლება. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის კეთილდღეობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. ყველა გაცილებით უკეთესად ცხოვრობს. ყველაზე მთავარი არის თავისუფლება. ხოლო რაც ჩვენთან ხდება, ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ავტორიტარიზმი, საშინელი სიცრუე, ძალადობა, რაც სიტყვებით, ქმედებებით ჩვენი ე.წ მთავრობისგან მოედინება. ეს არის საწინააღმდეგო იმისა, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ვართ, რომ უსაფრთხოება არის მთავარი. ევროკავშირი და ნატო კი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია", - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეებისთვის გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
"ჩვენ რუსეთისკენ უკვე წავედით, არჩევნებამდე და სწორედ მაგას ვაპროტესტებთ. „რუსული კანონის“ პროტესტი რომ იყო, მაგიტომ გამოვიდა ეს ხალხი, რომ რუსეთისკენ არ გვინდოდა წასვლა. არაფერ შუაში არ არის კობახიძის განცხადება, გაცილებით ადრე დავიწყეთ რუსეთისკენ სიარული“, - აცხადებს "მაგთიკომის" თანამშრომელი.
"რუსეთის IT მიმართულება ძირითადად თაღლითობასა და ჰაკერობაზე დგას. თუ როგორ გატეხონ ლიცენზირებული პროდუქტები და გააფუჭონ საქმე. ალბათ მაგ მიმართულებით ძლიერები არიან, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჩვენი რესურსები ამაზე დავხარჯოთ და გვერდი ავუაროთ კანონს. ჩვენ გვინდა, რომ განვვითარდეთ, ადამიანებს თანამედროვე პროდუქტები შევთავაზოთ და თანამედროვე ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ". - განაცხადა TBC-ის IT სპეციალისტმა.
IT/TECH კომუნის წევრები ახლა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან. ამბობენ, რომ საღამოს, 19:00 საათზე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მათი მოთხოვნა კონსტიტუციის დაცვასთან ერთად, აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.