შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა იყო.
როგორც მან შვედეთის საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოების შეჩერებას ცდილობს და ამას შედეგი უნდა მოჰყვეს.
"ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო ანგარიშები, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იყო ბევრი დარღვევა, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც არ არის სანდო, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა მოტყუებას სხვადასხვა გზით. ეს უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ევროპასთან სერიოზული დაახლოება, რაც ხალხის სურვილია. ამას შედეგი უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცავთ",- განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შეფასებაზე, რომ არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული" იყო. ულფ კრისტერსონის თქმით, ორბანი ამ აზრების გამოთქმისას არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების, შვედეთის სახელით.
"ის შესაძლოა ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების ნაცვლად", - თქვა პრემიერმა.
კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ შესაძლოა საქართველოში ვითარება ბელარუსის მსგავსი გახდეს, შვედეთის პრემიერმა რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა.
"დიახ, რუსეთის ამბიცია არის ევროპასთან დაახლოების შეჩერება, ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმებით, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის.
გუშინ ზელენსკის ვესაუბრეთ და ის აღნიშნავს, რომ რასაც ახალა რუსეთი უკრაინაში აკეთებს, სურს იგივე მოლდოვაშიც გააკეთოს და რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.