„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, რაც კომპანიებმა ახსენეს, გაჭიანურებული საბაჟო პროცედურებია“, - ასე პასუხობს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" "ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის" თავმჯდომარემ „საქმის კურსის“ კითხვას- „რა პრობლემური საკითხები წამოჭრა ბიზნესმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პირველ სხდომაზე.
ბიზნესასოციაციაში კომიტეტის პირველი სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამჟამად მათი საქმიანობის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს,სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ იწვევს კონტეინერების მოცდენას და ზოგადად, წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას.
„ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, რაც კომპანიებმა ახსენეს გაჭიანურებული საბაჟო პროცედურებია. მაგალითად, ბათუმის საბაჟო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რაც როგორ გვითხრეს, სხვა საბაჟოებზე ასე არ არის. კომიტეტი ამ საკითხს დასვამს. არ არის ისეთი რამ, რაც მოუგვარებელი შეიძლება იყოს. შესაძლოა, დასჭირდეთ ხალხის დამატება. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, არ შეიძლება მანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდეს რომელიმე საბაჟოზე პროცედურების დასრულებას. შესაძლოა, ერთ კონკრეტულ მანქანას შეეხებოდა პრობლემა, ამ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ბევრმა კომპანიამ ახსენა ეს საკითხი და ჩვენ, კომიტეტი, აუცილებლად დავსვამთ ამ საკითხს“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ კი საბანკო პროდუქტების არსებული შეზღუდვები. საუბარი შეეხო საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს წარმოშობის სერტიფიკატებისა და საავანსო გადარიცხვების თემატიკას, რომელიც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა.