მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ შეიძლება სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი იყოს"

5caf6fc6b490c
ლიკა გურაბანიძე
11.04.19 21:10
962
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს ასოციაციებთან და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, „შრომითი რეგულაციის“ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შექმნეს.

როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი შარაბიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები, ძირითადად პარლამენტში მომზადებული კანონ პროექტის მიხედვით, საქართველოს შრომით კოდექსში ცვლილებების განხორციელებას ეხებოდა.

შარაბიძე ძირითად პრობლემას სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ნაწილში ხედავს.

„რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ ის პრობლემები, რაც ბიზნეს სექტორში არსებობს. რეალურად, პრობლემა არის კომუნიკაციის ნაწილში ანუ სათანადო კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან ვერ ხდება. მგონია, რომ გარკვეულ სფეროებში რეგულაციები და მათი აღსრულების მექანიზმები მოუმზადებელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს სტრუქტურა ჩამოყალიბებული არ არის,“ - განაცხადა შარაბიძემ.

ირაკლი შარაბიძე მიიჩნევს, რომ ორივე სექტორი რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან კანონზე მეტი მზადყოფნა უნდა ყოფილიყო.

„სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად უნდა ყოფილიყო გაანალიზებული ის შედეგები, თუ რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და ბიზნესთან მეტი შეხება უნდა ყოფილიყო, ხოლო ის პრობლემები, რაც ბიზნეს სექტორში რეალურად დგას, მისი აღსრულება უფრო მარტივი იქნებოდა. მოგეხსენებათ, რომ კანონის აღმსრულებლები არიან ის ორგანიზაციები და ბიზნესები, რომელთა აზრი აუცილებლად გასათვალისწინებელია. არ შეიძლება სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი იყოს და ეს რეფორმა ერთობლივად არ მიმდინარეობდეს, რადგან არავინ ამბობს, რომ შრომის კანონმდებლობის სფერო არ უნდა მოწესრიგდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს სწორად და გასაგებად, ნაკლები რისკებით მოხდეს,“ - განმარტა ირაკლი შარაბიძემ.

შარაბიძემ ისიც აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება და საკანონმდებლო ორგანოსთან სამუშაო ჯგუფის კომუნიკაცია შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები