“არ შეიძლება, ვინმეს განუსაზღვრელი მოცულობის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნდეს”, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ “ანალიტიკას” ეთერში, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შეფასებისას ისაუბრა.
გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნა მიიღეს. ორგანიზაციებს ინფორმაციის წარდგენას შემდეგი კანონების საფუძველზე სთხოვენ: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ ორგანული კანონი და "გრანტების შესახებ" კანონი.
“ეს პროცედურები, რაც დაიწყო რამდენიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ, არის ძალიან შემაშფოთებელი, ერთმანეთში არეული სხვადასხვა კანონი, ვერც კი იგებ კონკრეტულად რომელი კანონის საფუძველზე რას გთხოვენ. ამ ყველაფერს რეპრესიული ხასიათი აქვს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ამ დრომდე არ მიგვიღია ასეთი წერილი, თუმცა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ორგანიზაციაში შეიძლება იგივე ტიპის ინფორმაციის გამოთხოვა მოხდეს. წერილებში, რომელიც ჩვენმა კოლეგა ორგანიზაციებმა მიიღეს, საუბარი არის პერსონალური მონაცემების, ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე, რაც მიუღებელია და ეს ეწინააღმდეგება მათ შორის ადვოკატების შესახებ კანონს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს და არ შეიძლება, რომ აი ასე განუსაზღვრელი რაოდენობის მოცულობის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვინმეს გააჩნდეს”, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ს თავმჯდომარის აზრით, დროის საკითხია, ვიდრე ანტიკორუფციული ბიურო მსგავსი მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც მიმართავს.
“როგორც ჩანს, დროის საკითხია, მოთხოვნები ეტაპობრივად იგზავნება და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ორგანიზაციასთან ანალოგიური შინაარსის წერილი შეიძლება მივიდეს. არ უნდა ჰქონდეს ვინმეს იმის ილუზია, რომ აქ გაჩერდებიან და მხოლოდ იმ ორგანიზაციებს მოსთხოვენ ინფორმაციას, ვისაც წერილი უკვე მიუვიდა. ეს კანონები მიღებულია იმისთვის, რომ მთლიანად შეიზღუდოს ეს სივრცე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეექმნათ ძალიან ბევრი ბარიერი და საერთოდ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება, ეს არის ამ კანონების მიზანი და, როგორც ჩანს, ანტიკორუფციული ბიურო მზად არის, იმ ფორმით, ზომითა და მოცულობით განახორციელოს რეპრესიები, რაც საჭირო იქნება მიზნის მისაღწევად”, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.




























