მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საპენსიო დანაზოგებიც მიემართოს "ეკონომიკის განვითარების ბანკში" - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ფაქტობრივად სახელმწიფო ერთვება დაკრედიტების პოლიტიკაში, ამისთვის ქმნის ბანკს და თავდაყირა აყენებს მთლიანად ფულად-საკრედიტო სისტემას ქვეყანაში - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი “ქართული ოცნების” ინიციატივას ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, არაა გამორიცხული, მთავრობამ სამომავლოდ სხვადასხვა სექტორების დასაკრედიტებლად საპენსიო ფონდის თანხები, მოსახლეობის დანაზოგებიც კი გამოიყენოს.

“მთლიანი პროცესი ტოვებს ძალიან არაორგანიზებულ, დაუგეგმავ, სპონტანურ და არაპროფესიონალურ ხასიათს, რადგან ყოველდღე ახალი დეტალები გვესმის, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის წინა დღეს გაჟღერებულ საკითხებთან.

მაგალითად, თავიდან იყო საუბარი, რომ არ მოახდენს ეს ინსტიტუტი [განვითარების ბანკი] დაკრედიტების განხორციელებას, მერე გვესმის, რომ დაკრედიტების [მანდატიც ექნება]. თავიდან იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი არ მოახდენს რეგულირებას ამ სფეროში, თუ ეს იქნება ბანკი და განახორციელებს დაკრედიტებას, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი არ იყოს ამ პროცესში ჩართული?

ანუ ჩვენ გვესმის, რომ ფაქტობრივად სახელმწიფო ერთვება დაკრედიტების პოლიტიკაში, სახელმწიფო იწყებს სექტორების დაკრედიტებას, ამისთვის ქმნის ბანკს და თავდაყირა აყენებს მთლიანად ფულად-საკრედიტო სისტემას ქვეყანაში. მეტი დეტალი არ ვიცით და რაც ვიცით და როგორც ვიგებთ ამ ყველაფერს, ეს ძალიან არაპროფესიონალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

განვითარების ბანკი შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს მთლიანად ქვეყანას, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი საპენსიო დანაზოგებიც მიემართოს მათ შორის იმ პროექტების თანადაფინანსებისთვის, რომელსაც ეს ბანკი დააფინანსებს. ან საერთოდაც ამ ბანკის საქმიანობის მანდატის ქვეშ მოექცეს ინვესტირება ჩვენი საპენსიო დანაზოგების, ანუ არა მხოლოდ რეპუტაციულად შეიძლება შემოგვიბრუნდეს ეს ყველაფერი, არამედ ჩვენი საპენსიო დანაზოგები მოექცეს ამ ხარჯვის კატეგორიაში. ანუ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და რაც გვესმის, ერთმნიშვნელოვნად ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა,

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გააერთიანოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის განვითარების ბანკში იქნებიან გაერთიანებული, კრედიტებს გასცემენ და „ბუნებრივია ამ ფორმით გაგრძელდება ამ ბანკის ფუნქციონირებაც".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები