"საქართველოს საბანკო ასოციაცია" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.25% პროცენტული პუნქტით ზრდა პრინციპულად არ იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ბაზარზე ოდნავ უფრო მაღალი იყო ისედაც საპროცენტო განაკვეთები. მისივე თქმით, პოლიტიკის გამკაცრება უფრო მეტად იმას მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვის.
"წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ჯერ განცხადება გააკეთა, რომ ინფლაციასთან მიმართებით რეაგირებას მოახდენდა, შემდეგ პირველი ნაბიჯი - 0.25 პროცენტულ პუნქტიანი ზრდა განახორციელა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე. რეალურად რომ შევხედოთ, აღნიშნული ზრდა პრინციპულად არ არ იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე და ამასაც ალბათ ახსნა სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ ბაზარზე ოდნავ უფრო მაღალი იყო ისედაც საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ ეს ნაბიჯი უფრო მეტად მიანიშნებს იმას, რომ ეროვნული ბანკი მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვისაც. როგორც ვიცით, ანალიტიკოსების მოლოდინები წლის ბოლომდე ინფლაციასთან მიმართებით კვლავინდებურად მაღალი რჩება, მიზნობრივ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტი, არის მოლოდინები დაახლოებით 5%-თან, 6%-თან ახლოს, მაგრამ იგივე გამოწვევა დგას ევროკავშირშიც. თუ წინა პერიოდში ინფლაციის ძირითადი წყარო მოთხოვნაზე იყო უფრო აწყობილი, დღეს ინფლაციის შინაარსი შეცვლილი არის მსოფლიოს მასშტაბით, არა მხოლოდ საქართველოში. საქართველო იმპორტიორი ქვეყანა რჩება და აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ტენდენციას იზიარებს. დღეს უფრო თვითღირებულების ნაწილში არის ზრდის მაჩვენებლები. ძირითადად უნდა ვისაუბროთ, რომ ის კონფლიქტები, ანუ ის ომი, რომელიც მიმდინარეობს ცვლის ენერგომატარებლებთან მიმართებით თვითღირებულების ნაწილს და ამან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ინფლაციის მაჩვენებელში",- ამბობს ძნელაძე.
"საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებითვე, წლის ბოლომდე შეიძლება მკვეთრი სხვაობა არ იყოს, თუმცა არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პროცენტები შემცირდება.
"საპროცენტო განაკვეთები ლარში კვლავინდებურად მნიშვნელოვნად მაღალი არის, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. უცხოურ ვალუტასთან მიმართებით აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები, თუ მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე შემცირება იქნებოდა, პრაქტიკულად უკვე ვიხილეთ, რომ ევროში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე გაიზარდა. 2%-დან 2.25%-მდე აწევა უკვე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და ამ კვირაში არის ფედერალური რეზერვის [აშშ] გადაწყვეტილება დოლართან მიმართებით და აქაც უნდა ვიხილოთ. ანუ რეალურად ჩვენ, წლის დასაწყისშიც ვთქვით, რომ საპროცენტო განაკვეთები იმედია, რომ არ გაიზრდებოდა, მაგრამ არ ველოდით, რომ წელს შემცირება იქნებოდა. უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და შესაძლებელია ზრდის მაჩვენებელი ვიხილოთ ყველა ვალუტაში რეალურად. ევროში კომერციულ ბაზარზე უკვე გაიზარდა პროცენტები",- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, წინა სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ასევე დღეს, 17 ივნისს არის დაგეგმილი.




























