მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვაპირებ, 8 წელი დავრჩე ადვოკატთა ასოციაციაში... რეფორმებისთვის 4 წელი საკმარისია - ირაკლი ჩომახაშვილი

ირაკლი ჩომახაშვილი

თუ გავიმარჯვებ, არ ვაპირებ, 8 წელი დავრჩე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ... რეფორმებისთვის 4 წელი საკმარისია“, - ეს განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ის საჯარო პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პოსტზე მხოლოდ 4 წლით დარჩება და არ ეცდება მეორე ვადით არჩევას, რაც ბოლო წლებში ასოციაციის თავმჯდომარეებისთვის დაუწერელ წესად იქცა.

ყველა თავმჯდომარე მოდიოდა 8 წლით, მაგრამ ამ 8 წლის შედეგებს ჩვენ ვხედავთ. ადამიანები ვარდებიან კომფორტის ზონაში. აუცილებელია, რომ მოხვიდე 4 წლით, ჩაატარო რეფორმები და წახვიდე, რათა სხვამ უკეთესად გააგრძელოს", - განაცხადა კანდიდატმა.

ირაკლი ჩომახაშვილი დარწმუნებულია, რომ 21 დეკემბერს გასამართ მეორე ტურში ადვოკატების უმრავლესობა ცვლილებებსა და პრინციპულობას დაუჭერს მხარს. მან ადვოკატებს ერთიანობისკენ სოციალური ქსელიდანაც მოუწოდა.

„ის, რაც გუშინ ბევრისთვის შეუძლებლად ჩანდა, დღეს რეალურ შესაძლებლობად იქცა. მეორე ტური წინ არის და ძალების გაერთიანების დროა. მხარდაჭერა უკვე ცალსახად გამოხატეს "სიფას" გუნდისა და მუხრან ღურწკაია გუნდის წევრებმა. ეს ერთობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველა, ამ ერთობით ჩვენი პროფესიული გაერთიანების ღირსების დასაბრუნებლად და ჩვენი პროფესიის გადარჩენისთვის ვიბრძვით.

მინდა მივმართო ყველა ადვოკატს, პერსონალურად, მათ, ვინც ცვლილებების შესაძლებლობას ან ვერ ხედავდა ან არ სჯეროდა, რიგი მიზეზების გათვალისწინებით, საერთო მიზნისთვის ერთობას შეუძლია საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანოს.

მზად ვარ, ყველა ჩემს კოლეგასთან თანამშრომლობისთვის, ვინც თვლის, რომ ასოციაციას ცვლილება სჭირდება. თქვენი თანადგომა დღეს გადამწყვეტია. უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო ძლიერი, სამართლიანი და ღირსეული ადვოკატთა ასოციაციისთვის“, - განაცხადა მან.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - რამდენად კომფორტული იქნება მისთვის მუშაობა იმ პირობებში, როცა აღმასრულებელი საბჭო ძირითადად მისი კონკურენტის - ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრებით დაკომპლექტდა, ირაკლი ჩომახაშვილი პასუხობს, რომ სწორედ ასეთი მოდელი უზრუნველყოფს დაბალანსებულ და ეფექტიან მართვას.

თუ სარევიზიო კომისიაც ჩემია, ეთიკის კომისიაც ჩემია და აღმასრულებელი საბჭოც - მაშინ დიქტატორი გამოვდივარ. პირიქით, თუ ჩემი რეფორმა იქნება არასწორი, სწორედ მაშინ მჭირდება ეს ხალხი შიგნით, რომ მითხრან და გამაჩერონ. ეს არის შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპი“, - აღნიშნა ჩომახაშვილმა.

მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში მენეჯმენტი უნდა ეფუძნებოდეს პროფესიულ ნიშანს და არა სიებით დაყოფას“. იგი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც დარგის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული.

რაც შეეხება მოლოდინებს მეორე ტურისთვის, ირაკლი ჩომახაშვილის შეფასებით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ კოალიციურ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. მან ხაზი გაუსვა იურიდიული ფირმების ასოციაციასთან“ (სიფა) და მესამე ადგილზე გასულ კანდიდატ მუხრან ღურწკაიასთან კოორდინაციას, რამაც საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესში ოპოზიციური ერთობის გამარჯვება განაპირობა.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კოალიციას არ აქვს ალტერნატივა. სამი კოალიციური კანდიდატის თანამშრომლობით, 15-ვე საარჩევნო კომისიის წევრი ჩვენ ავირჩიეთ, რამაც არჩევნების ლეგიტიმაცია გაზარდა“, - აცხადებს ჩომახაშვილი.

წერტილთან“ ინტერვიუში კანდიდატმა უპასუხა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასაც, რომლითაც ირაკლი ჩომახაშვილს პოლიტიკურ მიკერძოებაში სდებდნენ ბრალს გარკვეული პირების [სინდისის პატიმრების] დაცვის გამო. მისი თქმით, ადვოკატის გაიგივება მის დაცვის ქვეშ მყოფთან მიუღებელია.

ეთიკურობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა შევარჩიოთ ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით; როცა უფლება ირღვევა, ადვოკატმა უნდა თქვას, რომ ის ირღვევა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დამრღვევი - სახელმწიფო თუ კერძო პირი“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. მეორე ტურში ადვოკატებს არჩევანის გაკეთება ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები