„არ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ არ მგონია ეს ფაქტი პროექტის წარმატებულ განხორციელებას ხელს უშლიდეს,“ - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ფორბსის კვირაში“ განაცხადა, სადაც თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიპატიჟებას უპასუხა. ხაზარაძემ ”ფორბსის კვირასთან“ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიაში მიიწვია და თქვა, რომ ის ამ დრომდე ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის.
როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ის, რომ ანაკლიაში ნამყოფი არ არის, ეს ფაქტი სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მიმართ უინტერესო დამოკიდებულებას არ ნიშნავს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვარ თუ არა ანაკლიაში ნამყოფი და ეს არის აღმნიშვნელი იმისა, რომ სახელწმიფო ამ პროექტით სათანადოდ დაინტერესებული არ არის, ეს არის არასწორი და ერთ-ერთი ილეთი ამ საქმის ასე წარმოჩენის...ჩვენი პარტნირობა არ არის ჩემი და მამუკას(ხაზარაძის) სეირნობა ანაკლიის სანაპიროზე, არამედ ეს არის მუშაობა იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
მაგალითად, გუშინ წინ ვიყავი დუშეთში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს.
ჩემი იქ ჩართულობა აუცილებელი იყო,“ - განაცხადა ვიცეპრემიერმა.
მინისტრის განცხადებითვე, მან ანაკლიის პორტის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე უნდა იცოდეს.
„რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტში ჩემს გათვითცნობიერებას, მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე ამ პროექტთან მიმართებაში უნდა ვიცოდე, რადგან ეს პროექტი პირველ რიგში ინვესტორის მიერ ხორციელდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა „ფორბსის კვირაში“.
ცქიტიშვილის განცხადებითვე, პროცესი სასურველია დაუბრუნდეს იმ სამუშაო რეჟიმს, რა რეჟიმშიც ის უნდა წარმოებდეს.
„ამ პროცესის საინტერესო მხარე ის არის, რომ სამუშაო რეჟიმი პარალერურად მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე იდგა პარლამენტის ტრიბუნასთან და მე მას შემდეგ მივედი, რაც თუნდაც ერთმა კომიტეტმა ოფიციალური მიწვევა გამომიგზავნა, მას შემდეგ მე გამოვხატე ინიციატივა, რადგან ვნახე, რომ ძალიან ბევრი დეპუტატის მსგავსი ინიციატივა საჯაროდ იქნა გამოცხადებული. მე გადავწყვიტე, პლენარულ სხდომაზე გამოვცხადებულიყავი, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

























