"არ ვფიქრობ, რომ ზარალი იქნება" - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პლასტიკის ბოთლების დაგეგმილ აკრძალვაზე, რაც 2027 წლის თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.
მინისტრის მოადგილე BMG-ის კითხვაზე პასუხისას განმარტავს, რომ მისი უწყება ამ რეგულაციის მომზადების პროცესში ჩართული არ იყო, რადგან ის უშუალოდ საბიუჯეტო შემოსავლების და ხარჯების საკითხს არ უკავშირდება.
“ფინანსთა სამინისტროსთან ამ საკითხის გავლა არ სჭირდება, ეს არ არის სისტემა, რომელიც ან ბიუჯეტს ან გადასახადებს ან მსგავს რამეს ეხება. შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს პოზიცია აქ არ იყო მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს ჩვენთან ერთად არ ყოფილა განხილული.
საბოლოო ჯამში, მე არ ვფიქრობ, რომ ზარალი იქნება. ზარალი თუ იქნება, ეს ბიუჯეტის შემოსავლებზე მეტად ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ჩანაცვლება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით, მე არ ვფიქრობ, ₾400 მილიონიანი ზარალი იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ, რაც ისაუბრა სამინისტრომაც, ბიზნესთან საკმაოდ აქტიურად ექნებათ კომუნიკაცია, როგორც ვიცი. თუმცა ჩვენთან ეს თემა ნაკლებად არის”, - აღნიშნავს გიორგი კაკაურიძე.
კითხვაზე - რატომ არ ჩატარდა რეგულაციის ზეგავლენის შეფასების ანალიზი (RIA) გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია და უმჯობესია მედიამ კითხვებით შესაბამის სამინისტროს მიმართოს.
“ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც არ მაქვს დეტალური ინფორმაცია და, შესაბამისად, ჯობია იმ სამინისტროს წარმომადგენლებს ჰკითხოთ, რომლებმაც უფრო ზუსტად იციან რეგულაციის საჭიროებაც, რეგულაციის შინაარსიც და ამის შემდეგ უკვე საჭიროა თუ არა RIA-ს მომზადება,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება. საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დაგეგმილ რეგულაციასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს სასმელების უმსხვილესმა მწარმოებლებმა, მათ შორის პეპსიკო საქართველომ, წყალი მარგებელმა, ნატახტარმა (ეფეს საქართველო) და კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას დამფუძენებლმა თემურ ჭყონიამ.
ამოქმედების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება რომელიც PET-ის პლასტიკის ბოთლებს სრულად აკრძალავს.




























