საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ შეუწყობს დეპოლარიზაციას.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს ასევე არ დაეხმარება ხელსაყრელი გარემოს შექმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
„ევროკავშირში გვჯერა დემოკრატიის. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ე.წ. კოჰაბიტაცია აქვს, ვითარება, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ ან მიმდინარე წელს რეალურად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კიდევ ერთხელ გეგმავს. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას, საგარეო ვიზიტების განხორციელებით.