ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ლარის გაუფასურებაზე მოქმედ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება.
„ლარის კურსზე ზემოქმედების ფაქტორები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. ერთი არის მაკროეკონომიკური და მეორე არის მოლოდინები. მაკროეკონომიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები ახლახანს გამოქვეყნდა. ეს არის 4,7% მშპ-ს ზრდა, მათ შორის საშუალო თვიური ზრდა ამ ხუთ თვეში 4,9%-ი. საკმაოდ მაღალი გამოდის.
ანუ დღემდე რაიმე ნიშანი იმისა, რომ არსებობს მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ლარს გააუფასურებს არ არსებობს, თუმცა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეკონომიკური ზრდის ივნისის და ივლისის მაჩვენებლები ერთი და იგივე იქნება.
მეორე ჯგუფი ფაქტორების, ეს მოლოდინებია და სწორედ მოლოდინებზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის სტაბილურობა ან სტაბილურობის არარსებობა. აქედან გამომდინარე თუნდაც ის, რომ ტურიზმს საკმაოდ დიდი საფრთხე და გამოწვევა შეექმნა და ტურიზმი ერთ-ერთი მსხვილი წყაროა ვალუტის შემოდინების ქვეყანაში, ამანაც თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა მოლოდინებზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიას გვერდით დაუდგეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ ამ მოლოდინების განეიტრალებას შევძლებთ.
აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე ემუქრება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

























