“არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, თუ ჩემ მიერ ჯილდოს გადაცემის შემთხვევა ბოლო იქნება ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისა და, ასევე, თაობისთვის” - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
“ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს და, რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ჩვენი ქვეყნის ისტორია ალბათ სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია…”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა. ნიკო კვარაცხელიას დედამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნიკოს დაფასებისთვის.
,,ნიკოზე საუბარი მიჭირს. მინდა, მოვიყვანო მისი თანატოლისა და მეგობრის, გიორგი ჩახნაშვილის სიტყვები - ნიკო არ იყო სტივ ჯობსი, ილონ მასკი, ან ჯეფ ბეზოსი, ის იყო უფრო მეტი, ნიკო იყო მომავალი. გიორგი ჩახნაშვილის ეს სიტყვები გახდა სწორედ ინსპირაცია იმისა, რომ ნიკოს საქმიანობა ჩვენ გაგვეგრძელებინა მომავალში, მომავალ თაობასთან ერთად. ეს დიდი ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებო, გეკუთვნით თქვენ, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებითა და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შეექმნათ მომავლის საქართველო“, - აღნიშნა იზა ომაძემ.
დაჯილდოების სიმბოლურ ღონისძიებას BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძეც ესწრებოდა.
“გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო, ხაზს გაუსვამს ნიკოს ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს: ღირსებასა და ზრდილობას, და მინდა, სრულად გავიზიარო ის, რაც ქალბატონმა სალომემ ბრძანა. ეს არის მაგალითი იმ თაობისთვის, ვინც დღეს აქ არის წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლებიდან, სხვადასხვა პლატფორმებიდან, რომლებმაც გამოარჩიეს ისინი, როგორც წარმატებულები და მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის ხედავენ და აფასებენ იმ ნიჭს და იმ შემართებას, რომლის გამორჩეული მაგალითი ნიკო კვარაცხელია იყო და არის. ის სულ არის და იქნება და ბევრი რამ, რაც მის სახელს უკავშირდება. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსებით, ზრდილობით და განათლებით”, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ნიკო კვარაცხელიას ჯილდო გადაეცა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.