„ჩვენ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება და ამის დასტურია არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმს და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გვაქვს ნანახი მათი მხრიდან საკმაოდ ემოციური და ცოტა ნაჩქარევი განცხადებები“, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს:
„სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, 300 მლნ ლარზე მეტი კი, მოხმარდება საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას, უკვე დახარჯულია 60 მლნ ლარამდე. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით. არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის 21 მაისის შეხვედრაზე, როცა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად განვიხილეთ ის ცვლილებები, რომელიც მზადდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში. უმეტეს ცვლილებაზე გამოვთქვით თანხმობა და ამის ფონზე კონსორციუმის მხრიდან ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით საუბარი არ არის სწორი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მხარდაჭერას და მოვუწოდებ კონსორციუმს იმუშაოს იმაზე, რომ მოიძიოს დაფინანსება და უზრუნველყოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ნაკისრი აქვთ ხელშეკრულებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით გაიცა არა მშენებლობის ნებართვა, არამედ მოხდა მიწათრგებლობის გარკვეული პირობების დადგენა, თუმცა ეს პროცედურული დარღვევებით გაკეთდა და მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ სსიპ-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდა თანამდებობიდან, ბრძანება კი გაუქმდა.
„რაც შეეხება ფოთის პორტს, ის არის კერძო მფლობელის ხელში და აქვს უფლება იფიქროს განვითარებაზე,” – ამბობს მაია ცქიტიშვილი.
მისი თქმით, პორტის საკონტეინერო ტერმინალის გაფართოებისთვის ამერიკულმა სამთავრობო სააგენტო OPIC-მა განახორციელა ინვესტიცია და ეს საკითხი პორტის დაღრმავებას არ უკავშირდება.

























