მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაა გამორიცხული, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს"

5bae31a71037a
ნინი თურქია
28.09.18 18:30
1122
არასამთავრობო ორგანიზაცი „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ცვლილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი გეგმავს დაკრედიტების პოლიტიკის კუთხით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

„ეს ცვლილება შეზღუდავს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისათვის, რადგან მათ უჭირთ საკუთარი შემოსავლის დადასტურება და ამან შეიძლება შემქნას პრობლემა. აქამდე მათი ძირითადი ფინანსური წყარო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იყო, რადგან ბანკები დიდი სიხარულით არ აძლევდნენ მათ სესხს. შესაბამისად, ახალი ცვლილების შედეგად პრობლემები შეიძლება მათაც შეექმნათ. ასევე პრობლემები შეექმნება თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაყიდვების კუთხით, და არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. უკვე რაც გავიგე, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საკუთარი პორტფელი გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნელ-ნელა ზოგადად არსებობასაც შეწყვეტენ“, – აცხადებს გიორგი კეპულაძე.
მისივე თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობა წამყვანი ინდუსტრია არ არის და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9%-ია. ამასთან, როგორც კეპულაძე ამბობს ეს დარგი ჩამორჩება მშენებლობისა და ტურიზმის სექტორს. მომდევნო წლებში ის სექტორის ზრდას არ ელოდება.

„ვეჭვობ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი გაიზარდოს უახლოეს წლებში, რადგან იქ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. პირველ რიგში, ეს არის არაპროდუქტიულობის პრობლემა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სოფლად და ისინი, სამწუხაროდ, ვერ ქმნიან მთლიან შიდა პროდუქტში საკმაოდ დიდ წილს. სწორედ ამიტომ არის რეგიონში ყველაზე დიდი გაჭირვება. შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის გარკვეული ხელშეწყობა შეიძლება იყოს საჭირო. თუნდაც, სესხებზე ხელმისაწვდომობის მხრივ. მე არ ვგულისხმობ, სახელმწიფოს მხრიდან ძირითადად პოლიტიკური ნიშნით გაცემულ სუბსიდიებს. მე ვგულისხმობ სწორედ ამ ადამიანებისთვის ზოგადად ფულზე ხელმისაწვდომობას, რაზეც სულ ჩივიან. შესაბამისად, ეს ცვლილებაც, ალბათ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ამას,“ - ამბობს გიორგი კეპულაძე.

მისივე ვარაუდით, დაკრედიტების ახალი პოლიტიკა სებ-მა ქვეყანაში ჭარბვალიანობის შესამცირებლად შეიმუშავა.

"ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითდასაქმებული ადამიანების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ვერ არის კარგი გადამხდელი. ძალიან ბევრი მათგანი იმყოფება ვალის ქვეშ. შესაბამისად, ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად სწორედ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისგან მოდის. ეს სასიხარულო ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუმცა თვალის დახუჭვა ამ პრობლემაზე არ გამოვა და ალბათ, სწორედ ამით იყო განპირობებული ეროვნული ბანკის ნაბიჯი, რომ ყველა მიმართულებით თვითდასაქმებულ ადამიანებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაადასტურებენ საკუთარ შემოსავლებს. თუმცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებსაც აქვთ საშუალება, რომ დარეგისტრირდნენ მცირე მეწარმედ, ეს ცვლილება მოგეხსენებათ, ძალაში ზაფხულიდან შევიდა საგადასახადო კოდექსში. მცირე მეწარმეებად დარეგისტრირების შემთხვევაში მათ აქვთ გარკვეული ბრუნვა, ვალდებულება გადაიხადონ გადასახადი, რომელიც მხოლოდ 1%-ია 500 000 ლარამდე ბრუნვაზე და, ამით, დაადასტურონ საკუთარი შემოსავლები და შემდეგ უკვე მიმართონ არა მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებს, არამედ კომერციულ ბანკებსაც სესხებისთვის“ - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები