მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაბულ ინვესტიციებს არავინ ებრძვის. შიშებს პროექტის ოფიციალურად გასაიდუმლოება აძლიერებს - რომან გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ Eagle Hills-თან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების მინიჭება, აღნიშნულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით შიშებს აძლიერებს. მას რამდენიმე მიზეზი მოჰყავს, რომელთა გამოც, გოცირიძის აზრით, გონიოსა და თბილისში დაგეგმილი დასახლებული პუნქტების მშენებლობა შეშფოთებას იწვევს.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

"საქართველოში არაბული ინვესტიციები საუკუნეებია არ არსებობდა და იგი ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა. ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნა განხორციელებული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 2024 წლამდე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სახის კრიტიკა ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში ინვესტიციების არაბული წარმომავლობის გამო. ეს ჩვენი საზოგადოების შეგნებულობის და თავად ინვესტიციების სწორი დანიშნულების მაჩვენებელია.

- არაბული ინვესტიციებით აშენდა რეგიონში ყველაზე ფეშენებელური, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო “ბილტმორი”. იგი 140 მილიონი დოლარი დაჯდა. გსმენიათ ვინმესგან, პოლიტიკოსებისგან თუ საზოგადოების მხრიდან, ოპოზიცია იქნებოდა ეს თუ ხელისუფლების მხარდამჭერები, რაიმე სახის პრეტენზია ინვესტიციის წარმომავლობაზე? არა! უკმაყოფილება რუსთაველის პროსპექტისთვის შეუფერებლად მაღალ ნაგებობასთან დაკავშირებით თუ გამოითქმებოდა.

- არაბულმა კომპანიამ 67 მილიონ დოლარად შეისყიდა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” და მის რემონტში დახარჯა დაახლოებით 45 მილიონი დოლარი. მადლობის მეტი ვინმესგან გვსმენია?

- არაბული ინვესტიციით აშენდა “თბილისი მოლი”, ქალაქის გასასვლელში, მცხეთის მიმართულებით, რომლის აქტივებმა დღეისათვის 70 მილიონ დოლარს მიაღწია.

-არაბული ინვესტიციაა სავაჭრო ქსელი “კარფური”, რომელიც საქართველოში ფლობს 5 ჰიპერმარკეტს და სამოცამდე სუპერმარკეტს.

- ფოთის თავისუფალი ეკონომიკურ ზონა თავიდან არაბული ინვესტიციებით შეიქმნა.

- თბილისის ე. წ. მშრალი პორტის მთავარი ინვესტორი არაბული კომპანიაა. პირველი ფაზის მშენებლობაში 21 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. მისი საბოლოო ღირებულება 100 მილიონ დოლარს მიაღწევს.

არაბული ინვესტიციებია “ტერაბანკში”. მისი კაპიტალის მოცულობა არის 120 მილიონი დოლარი.

-არაბული ინვესტიციებით აჭარაში მიმდინარეობს რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა.

არაბული ინვესტიციებია ჩადებული ან იგეგმება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ფინანსები და ა.შ.

მაშინ რატომ იწვევს შეშფოთებას გონიოსა და თბილისში დაგეგმილი დასახლებული პუნქტების (ფაქტობრივად, მცირე ზომის ქალაქების) მშენებლობა? იმიტომ, რომ ეს განსხვავებული ხასიათის ინვესტიციებია.

ა)ესენი კოტეჯური ტიპის ელიტური დასახლებული პუნქტებია, გათვალისწინებული ძირითადად უცხოელებისათვის და უპირატესად მუდმივ საცხოვრებლად.

ბ) ქართული მხარის მონაწილეობის მასშტაბი (8,5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია) და ღირებულება თანაზომადი არ არის პროექტში უცხოელი ინვესტორის კონტრიბუციასთან შედარებით. იგი ბევრად მეტი ღირს.

გ) დიდია ეკოლოგიური და სხვა სახის პრობლემები (განსაკუთრებით თბილისში).

დ) პროექტი შეიცავს სხვა სახის რისკებსაც. ინვესტიციებს არავინ ებრძვის. შიშებს პროექტის ოფიციალურად გასაიდუმლოებაც აძლიერებს", - წერს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები