ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფის - "სილქ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, არადამაჯერებელია. როგორც მან BMG-სთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება ბიზნესმენისგან, სავარაუდოდ, "რაღაცას ითხოვს".
"როდესაც [ავტორიტარული რეჟიმი] ეკონომიკური ცხოვრების კონტროლს იწყებ, ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე გარე საკვები გელევა, ურჩხული ისეთი ბუნებისაა, რაც უფრო იზრდება, მეტი საკვები სჭირდება და, რომ აღარ ყოფნის, საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს - დაახლოებით ამ ისტორიას ვაკვირდებით. დაბეჯითებით არ შემიძლია საუბარი, მაგრამ მაღალი ალბათობით, გიორგი რამიშვილი, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაშია აყვანილი. მას რაღაცას სთხოვენ. თავისას სთხოვენ თუ მის საახლობლოზე მიმდინარეობს შეტევა, ამას დრო გვიჩვენებს. თავად რომ იარაღი დარჩა ჩანთაში, არადამაჯერებელი ვერსიაა. ბუნებრივია, საქმე ბევრად უფრო რთულადაა. ეტყობა ხელისუფალმა დაინახა გარკვეული რისკი, რომ შეიძლებოდა ის გარკვეული პერიოდი ქვეყანაში არ დაბრუნებულიყო და არ მისცეს ამის საშუალება, სანამ “რაღაცას” არ გააკეთებს. ეს “რაღაცა” რა არის, ამაზე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ფაქტობრივი, დოკუმენტური ინფორმაცია ამაზე არ მაქვს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი შეფასებით, მსხვილი ბიზნესმენის დაპატიმრება გზავნილია ხელისუფლებისგან, რომ დღეს დაცული არავინაა. იმ შემთხვევაშიც, თუ დაკავება თავად გიორგი რამიშვილს არ უკავშირდება, ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება მისი წრის დაშანტაჟებას ცდილობს.
"სიგნალია, რომ დაცული არავინაა. ხელისუფალი, რომელსაც უნდა მოსავლის აღება და არ უნდა, კორუფციაში იყოს გარეული, შემდეგ ტექნოლოგიას იყენებს: თავის გარშემო იკრებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ფულის კეთება, უქმნის სასათბურე პირობებს და ესენიც ხრავენ ყველაფერს, რაც გზაში შეხვდებათ. კორუფციაში თვითონ კი არ ერევა ხელისუფალი, ვიღაცები არიან კორუმპირებულები. კარგად რომ გამოძღებიან, მერე რაც კორუფციული ურთიერთობებით იშოვეს, ეს ფული უნდა იქნეს ამოღებული. ჩვენი ბიზნესი, ე.წ. ბიზნესელიტა, (ყველაზე ვერ ვიტყვი, გარკვეული ნაწილი) არის ცხვრის ფარა, რომელსაც კარგად მოსუქების საშუალებას მისცემენ ქვეყნის ბიუჯეტის იალაღებზე და მერე პარსავენ. არ მგონია, ეს პირდაპირ რამიშვილს ეხებოდეს, რადგან მისი ბიზნესი ლეგალურია, მაგრამ შეიძლება მის წრეში არიან ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეულწილად მიუწვდომლები არიან და შეიძლება, ირიბი შანტაჟი მიმდინარეობს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმებისას გიორგი რამიშვილს თან აღმოაჩნდა იარაღი, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა არ გააჩნდა ამ იარაღის ტარების უფლება. გამოძიებამ ამავე იარაღის ვაზნებიც აღმოაჩინა. შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურას ბიზნესმენისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.




























