წარმოება მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საწარმოს გაზრდის პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბაჩო რამიშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, კომპანიამ, ჯერ კიდევ 2011 წელს საკარფანჯრე სისტემის წარმოებით დაიწყო. ამ დროისათვის კი, უკვე სხვადასხვა პროფილით მუშაობს, როგორიცაა საფასადე სისტემა, საკარფანჯრე სისტემა, მეტალო-პლასტმასას სისტემა, ალუმინის სისტემა და ა.შ.
„ჩემთვის ბიზნესში მთავარი არის სტაბილურობა. რა ნაბიჯსაც ვდგამთ, იმ ნაბიჯზე ვცდილობთ დასტაბილურებას და შემდეგ უკვე მომდევნო, ახალ ნაბიჯს ვდგამთ. წარმოება ამჟამად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა ვფიქრობ, რომ გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ამისთვის კი გვინდა, ახალი ჯგუფების შექმნა და რეგიონებშიც გაფართოება. გვინდა ცნობადობა გავზარდოთ, რომ ჩვენი ხარისხის შესახებ მეტმა ადამიანმა იცოდეს. კომპანიამ საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგა და ამ ნაბიჯების დასტაბილურებაზე მიდის მუშაობა. როცა ვიგრძნობთ, რომ ამ ნაბიჯებში მყარად ვართ, წარმოების სახით საქართველოს მასშტაბით ფილიალები გავხსნათ.
ჩვენ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს. მაგალითად, აჭარაში რამდენიმე სამშენებლო კომპანია ჩვენთან თანამშრომლობს. მოძრავი წარმოება გვაქვს. შეგვიძლია პარტნიორ კომპანიაში ჩასვლა, იმ ობიექტში წარმოების გახსნა, ექსკლუზიური პროდუქციის ტრაილერით შეტანა, ადგილზე ყველაფრის დამზადება და დამკვეთის დაკმაყოფილება. რაც უსწრაფესი მეთოდია.
საქართველო სამშენებლო კუთხით საკმაოდ მასშტაბური ქვეყანა ხდება. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ ფეხი ავუბათ ტენდენციას და განვვითარდეთ.ამისათვის კი, კვალიფიციური კადრია საჭირო, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. არაერთი კადრი ემიგრაციაში იკარგება და ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზით გადის“.- აცხადებს რამიშვილი.
მისი ინფორმაციით, პრობლემაა ასევე ფინანსური საკითხიც, რათა ბიზნესი მყარად იდგეს და განვითარდეს.
„ჩვენი ძალებით ვცდილობთ განვითარებას, რომ შევძლოთ ყველანაირი პროდუქციის შემოტანა. ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ამ სფეროში ძალიან ბევრი დეტალია, რისი შევსებაც ძალიან რთულია ხოლმე“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
როგორც რამიშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ისინი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას ცდილობენ.