"არაფერია იმაში დასამალი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს სატრანზიტო ტვირთების კლების ტენდენცია,"- განაცხადა The Economist-ის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ კონფერენციაზე - "მსოფლიო 2019" ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავარი სატრანზიტო პოტენციალი კასპიური ნავთობის ტრანზიტში მდგომარეობდა, რომელიც ახლა რკინიგზის ნაცვლად, მილსადენებში მიედინება.
"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მთავარი სატრანზიტო ტვირთი იყო ნავთობი. ნავთობი კი... სამწუხაროდ, აშენდა ძალიან დიდი სიმძლავრის ნავთობის მილსადენი, ეს ძირითადად ეხება ორ მილსადენს. ერთია - აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, მეორე კი, ყაზახეთიდან რუსეთის მიმართულებით. ნავთობი გადავიდა მილსადენში და ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩვენზე. განვიცადეთ ზრაალი იმისგანაც, რომ ტვირთების მოცულობა დავარდა და ჩვენ გავხდით ამის მსხვერპლი. ამასთანავე, შეიქმნა უფრო კონკურენტული სატრანზიტო დერეფნები ვიდრე არის საქართველო. იგივე, რუსეთის გავლით," - გიორგი ქობულია.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს, საქართველოს სატრანზიტო დერეფანში ტრანსპორტის ყველა დარგის მეშვეობით გადაიზიდა 44 მილიონი ტონა ტვირთი, 2018 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 37 მილიონ ტონას შეადგენდა.
რაც შეეხება მილსადენებით გადატანილი ტვირთების მოცულობას, 2018 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში 255 მილიონი ბარელი ნავთობი გატარდა, ბაქო-სუფსას მილსადენით კი 28 მილიონი ბარელი გადაიზიდა. წლების განმავლობაში მილსადენებში გატარებული ნავთობის მოცულობა დაახლოებით უცვლელია.

























