მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაფორმალური განათლების ინოვაციური სივრცე მოზარდებისთვის - მანგლისში "საბადო" ოფიციალურად გაიხსნა

საბადო

21 სექტემბერს, მანგლისში, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით, ოფიციალურად “საბადო” ლიდერობის აკადემია გაიხსნა - საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს არაფორმალური განათლების სრულიად ახალ ფორმატს სთავაზობს.

„საბადო“ დაფუძნებულია თამაშით, გუნდური მუშაობით და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელზე, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს ტრადიციული განათლების სისტემისგან. მისი მიზანია, ახალგაზრდებმა ცოდნა და გამოცდილება თავისუფალ, ინტერაქტიურ და შთამაგონებელ გარემოში მიიღონ.

როგორც აკადემიის ხელმძღვანელი, გიორგი უგულავა BM.GE-სთან განმარტავს, თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო მოითხოვს განათლების ისეთ ფორმატს, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სივრცეებზე სკოლებსა და უნივერსიტეტებზე აღარ არის დამოკიდებული.

მისი თქმით, არაფორმალურ გარემოში, სადაც მოზარდები ერთმანეთს ესაუბრებიან, ურთიერთობენ, ეძებენ თავიანთ გმირებს და აყალიბებენ ღირებულებებს, განსაკუთრებული როლი ენიჭება პიროვნულ განვითარებას.

„ეს არის შესაძლებლობა, რომ შაბათს, კვირა იქნება თუ მთელი კვირით თუ, თუნდაც ერთი დღით მოვიდე, ჩემს თანატოლებთან ძალიან კარგი დრო გავატარო და ვისწავლო კეთებით, ვისწავლო თამაშით, ვისწავლო დასვენებით. ანუ ეს არის შემეცნების, დასვენების და გართობის კომბინაცია. აი ამ იდეას ეფუძნება, რომ სწავლა უნდა იყოს მუდამ პროცესში, სწავლა უნდა იყოს მუდამ მოქნილი და მოსწავლეზე ორიენტირებული და ახლოს უნდა იყოს მის ყოველდღიურობასთან“, - თქვა მან.

"საბადოს" კამპუსი 12 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სპეციალურად აკადემიის საჭიროებებისთვის შეიქმნა. სივრცე გამორჩეულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და მაღალი კომფორტით.

მთავარი შენობა, რომლის ფართობიც 3 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ერთდროულად 50-ზე მეტ მოსწავლეს შეუძლია უმასპინძლოს. აქ მოწყობილია საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ობსერვატორია, სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები, STEAM ლაბორატორია, ლაუნჯები, სპორტდარბაზი, სტადიონი და აკადემიის საკუთარი კინოთეატრი.

აღსანიშნავია, რომ "საბადოს" ინფრასტრუქტურა მრავალფუნქციურია - სივრცე მზად არის უმასპინძლოს როგორც საგანმანათლებლო პროგრამებს, ისე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებსა და ღონისძიებებს.

"საბადო" ლიდერობის აკადემია თანამედროვე მიდგომებით აყალიბებს არაფორმალური განათლების ახალ სტანდარტს საქართველოში და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივად ერწყმის გართობასა და მეგობრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები