მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არალეგიტიმური პარლამენტი საკრებულოს საარჩევნო სისტემას „ქართული ოცნების“ ინტერესებს უქვემდებარებს - ISFED

სამართლიანი არჩევნები

"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) განცხადებით, საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა 13 დეკემბერს ერთპიროვნულად, დაჩქარებული წესით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შეცვალა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის წილი მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ISFED-ში აღნიშნავენ, გაიზარდა საკრებულოს არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო ბარიერიც. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილებები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პროცესს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და ძალაუფლების ყველაფრის ფასად შესანარჩუნებლად.

ISFED-ის განცხადებით, საჭიროა სრული და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ფართო პარტიული და საზოგადოებრივი კონსენსუსით.

"აღნიშნული ცვლილებების შედეგად, უქმდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საარჩევნო სისტემაში 2021 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შუამავლობით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ყველა ცვლილება, რომლის პირობებშიც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობაში უკანასკნელად შეტანილი ცვლილებების თანახმად:

  • თბილისის 50-წევრიან საკრებულოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, 10-ის ნაცვლად, 25 ადგილი განაწილდება, ხოლო პროპორციული სისტემის საფუძველზე ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა 40-დან 25-მდე შემცირდება;
  • სხვა თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) საკრებულოების წევრთა რიცხვი 35-დან 25-მდე მცირდება. ამასთანავე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ასარჩევი საკრებულოს დეპუტატების რიცხვი 7-დან 10-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გასანაწილებელი მანდატების რაოდენობა 28-დან 15-მდე შემცირდება;
  • თვითმმართველ თემებში საკრებულოები პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში არსებული ყველა დასახლებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან დაკომპლექტდება. ამასთან, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი. ეს წესი, რაც ასევე 2021 წლამდე მოქმედი წესის იდენტურია, მნიშვნელოვნად ზრდის საკრებულოებში მაჟორიტარული ადგილების წილს პროპორციული მანდატების ხარჯზე, თვითმმართველ თემებშიც. ამჟამად თვითმმართველი თემების წარმომადგენლობითი ორგანოს ადგილების 1/3 მაჟორიტარული ოლქებიდან, 2/3 კი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზეა დაკომპლექტებული. 2021 წლამდე კი მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გასანაწილებელი მანდატების საშუალო წილი თვითმმართველ თემებში 49%-ს შეადგენდა;
  • გათვალისწინებული ცვლილებებით, იზრდება პროპორციულ კომპონენტში საარჩევნო სუბიექტებისთვის დაწესებული საარჩევნო ბარიერიც. კერძოდ, თბილისში ბარიერი 2.5%-დან 4%-მდე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 3%-დან 4%-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ცვლილებებამდე, მიმდინარე წლის მაისში, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა მუნიციპალური არჩევნების საარჩევნო სისტემაში. კერძოდ, გაუქმდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად კანდიდატის ასარჩევად დადგენილი 40 პროცენტიანი ბარიერი და გამარჯვებისთვის საკმარისი გახდა შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმის მიღება. აღნიშნული ცვლილებაც „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ერთპარტიულად მიიღო.

ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) მიერ 2023 წლის დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა ხასიათდებოდეს სტაბილურობით, რაც გადამწყვეტია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისთვის. ამასთან ერთად, ასეთი რეფორმა უნდა გატარდეს არჩევნებამდე საკმაო დროით ადრე და დაეფუძნოს ჩართულ მხარეებთან წარმოებულ ვრცელ კონსულტაციებსა და ფართო კონსენსუსს.

ქვეყანაში არსებული პარტიული პატერნების გათვალისწინებით, უკანასკნელად განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინ შექმნას მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგის უზრუნველმყოფი გარემო, რაც გამოიწვევს ამომრჩეველთა ხმების ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ადგილებში არასამართლიან გარდასახვას.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ძირითადად, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად. შექმნილი სამართლებრივი დიზაინი არათუ ვერ პასუხობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გაჯანსაღების საჭიროებებს, არ ითვალისწინებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს, არამედ აუარესებს მანამდე არსებულ საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისის მოგვარების პარალელურად, საჭიროა სრული და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ფართო პარტიული და საზოგადოებრივი კონსენსუსით, რომელიც შექმნის სრულიად ახალ საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც იქნება საფუძველი როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის",- აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები