1-ელი დეკემბრიდან არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები ელექტრონული ხდება. ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას მატერიალური ანუ ქაღალდის აქტების გამოწერა ელექტრონული დოკუმენტით ჩანაცვლდება.
სიახლე ეხება ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესსუბიექტს, რომელიც პროდუქციას არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან ყიდულობს.
აქამდე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის ცენტრალიზებული აღრიცხვა არ ხდებოდა. როგორც "კრესტონ ჯორჯიას" მმართველმა პარტნიორმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განმარტა, ახალი სისტემით შემოსავლების სამსახური დაინახავს იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა შემოსავალიც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებიდან სცდება 200,000 ლარს, რაც მათთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას წარმოშობს. ასევე გაკონტროლდება დღგ-ის ზღვარიც.
დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ შესყიდვის აქტების გაციფრულების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფიზიკური პირების დაბეგვრაა. მისი განმარტებით, თუ კომპანია შესყიდვის ელექტრონულ დოკუმენტს დადგენილ ვადაში არ დააგენერირებს, გადახდილი თანხა უსაბუთო ხარჯად ჩაითვლება. ეს თანხა 15%-ით დაიბეგრება და კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება.
ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული შემოსავლების სამსახურის უფროსის დეტალური ინსტრუქცია. აღნიშნულმა ბრძანებამ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რომელ საქონელზე არ გავრცელდება აღნიშნული წესი და რა კონკრეტულ ვადებში მოუწევს ბიზნესს დოკუმენტების ელექტრონულად გაფორმება.
აღსანიშნია, რომ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება, შესყიდვის აქტების გაციფრულებას 2 დღეში, 1 ნოემბრიდან ითვალისწინებდა, თუმცა თემის გაშუქების შემდეგ შემოსავლების სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ აღნიშნული ვადა 1 დეკემბრამდე გადაიწევს. შემოსავლების სამსახურის ინსტრუქცია კი მომავალი კვირიდან გასაჯაროვდება.
„შესყიდვის აქტების ელექტრონულ გამოწერას ექნება შემდეგი ფორმა: თავად შემსყიდველი მხარე — ანუ ბიზნესი თავად დააგენერირებს ამ ელექტრონულ შესყიდვის დოკუმენტს. მიუთითებს არა-მეწარმე ფიზიკური პირს, პირობითად, ვინც მას ჩააბარა ყურძენი ან თხილი, ან შეიძლება ეს იყოს ერთჯერადი სამშენებლო მასალის შეძენა. ფაქტობრივად, შპს თვითონ დააგენერირებს ამ დოკუმენტს. შემდგომში SMS მიუვა ფიზიკურ პირს ან სხვა ტექნიკური საშუალებებით დაადასტურებს ამას და ამგვარი ფორმით ბიზნესი თავის თავს გამოუწერს ამ დოკუმენტს. დადასტურება რომ მოხდება, ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დოკუმენტი იქნება იმ შესყიდვის აქტის შემცვლელი, რაც აქამდე მატერიალურად იწერებოდა.
ამ რეფორმას რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მიზანი და მთავარი მიზანი, ალბათ, არის ის, რომ აქამდე არა-მეწარმე ფიზიკური პირები რა საქონელს აწვდიდნენ ბიზნესს ამის ცენტრალიზებულად აღრიცხვა და ამ ინფორმაციის ერთ ადგილას თავმოყრა არ ხდებოდა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაც რომ ავიღოთ — ეს იქნება თხილი, თუ ყურძენი, თუ ნებისმიერი სხვა, ნუში და ა.შ, როცა ბარდებოდა მაგალითად ქარხნებზე, შემოსავლების სამსახური ვერ ხედავდა, დავუშვათ, 200 000-ზე მეტი იყო ფიზიკური პირის შემოსავალი თუ ნაკლები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შეიძლება დღგ-თი არ იბეგრება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მაგრამ თუ ფიზიკური პირი 200 000 ლარზე მეტ შემოსავალს იღებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდებიდან, ეს საშემოსავლოთი იბეგრება. ანუ, პირველ რიგში, ეს არის ალბათ მიზანი, რომ ყველა ასეთი ფიზიკური პირი, ვისაც შეიძლება ჰქონოდა 200 000 ლარზე მეტი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, მათ შეიძლება პოტენციურად საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდეთ, რისი ასე ცენტრალიზებულად გაკონტროლება ვერ ხდებოდა. ეს ეხება ღვინის ქარხნებს, ეს ეხება საკონსერვო წარმოებასაც, სამშენებლო კომპანიებსაც და ა.შ
- ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირები შესაძლოა, რომ დასაბეგრი ობიექტები გახდნენ?
-კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ცვლილების ეგ არის, რომ თუ აქამდე შემოსავლების სამსახური ვერ ხედავდა ფიზიკურმა პირმა ბევრ ბიზნესს რომ მიაწოდა საქონელი, ეს გასცდა დავუშვათ 200 000 ლარს თუ არა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემთხვევაში, ახლა ამას დაინახავენ.
ასევე, შეიძლება ფიზიკურმა პირმა სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა რაღაც სამშენებლო მასალა, რაც სახლში ჰქონდა. ეს შეიძლება საშემოსავლოთი უნდა დაბეგრილიყო, ფიზიკური პირის მიერ ერთჯერადი გაყიდვა, იმიტომ რომ ორ წელზე ნაკლებ ვადაში თუ საკუთრებაში გვაქვს და გავყიდით ნამატით საქონელს, ეს საშემოსავლოთი იბეგრება. ესეც ვერ კონტროლდებოდა.
მარტო საშემოსავლოში არ არის აქ საქმე, შეიძლება ფიზიკური პირი შპს-ს აწვდიდა ისეთ საქონელს, რომ ეს 100 000-ზე მეტი იყო და შეიძლება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის ვალდებულებაც კი დაინახონ, აქედან, რომ წარმოეშვა ფიზიკურ პირს”,-განმარტავს დავით პაპიაშვილი.
























