მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს - მიქაუტაძის პროკურორი

რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის. დააყოლა ბოლოს, რომ დამნაშავე არ ვარო, მაგრამ განცხადება [საპროცესო შეთანხმებაზე] მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება - არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სასამართლო პროცესზე ჩვენ მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, ასევე მოვისმინეთ რომეო მიქაუტაძის პოზიცია, მის ბრალთან დაკავშირებით, რომელიც იყო უბრალოდ ემოციური საუბარი. მოგეხსენებათ, გამამტყუნებელ განაჩენს და ზოგადად განაჩენს საფუძვლად უდევს მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას ცნობს სასამართლო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. მას ბრალი ედება კორუფციულ დანაშაულებში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. ანალოგიურად, გამამართლებელ განაჩენსაც საფუძვლად უდევს არა ემოციური საუბარი, არამედ მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები წარმოაჩენს იმას, რომ რომეო მიქაუტაძემ ნამდვილად ჩაიდინა ჩემს მიერ ხსენებული დანაშაული.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რამდენიმე წინაპირობა უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა იყოს აღიარება სახეზე, ზიანის ანაზღაურება და ასევე განცხადებით უნდა მოემართა. მან პროცესზე დააფიქსირა ასეთი რამ - 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის დააყოლა ბოლოს, რომ დამნაშავე არ ვარო, მაგრამ განცხადება მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება და არ მიიჩნევა არანაირ აღიარებად. 4 საათი საუბრობდა, რომ უდანაშაულოა და ბოლოს თქვა, მაინც მზად ვარ გავაფორმო საპროცესო შეთანხმებაო, თუმცა დამნაშავე არ ვარო. ამ შემთხვევაში საპროცესო არ ფორმდება. ადამიანმა უნდა აღიაროს დანაშაული. მე ამის არანაირი შთაბეჭდილება ამ 4 საათის განმავლობაში არ დამრჩენია. 4 საათის განმავლობაში ამბობდა, რომ მართალი ვარო და [თქვენ] ამბობთ რომ აღიარა დანაშაული? არ მესმის, უბრალოდ. არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, ვინაიდან მას დანაშაული აღიარებული არ აქვს“, - განაცხადა მარშანიამ.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მზად არის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურას მიმართოს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ მიქაუტაძემ დღეს, 13 მარტს, გამართულ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

ყოფილმა მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო ხელშეკრულება პროკურატურასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები