სახელმწიფო საწარმოების კიდევ ერთხელ დაანონსებული რეფორმა „ქართული ოცნებისთვის“ მიმდინარე ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარეობს. ასე თვლის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი, რომელმაც „საქმის კურსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ იმის ვარაუდის წინაპირობა არ არსებობს, რომ "ოცნებას" სახელმწიფო კომპანიებში რეალური რეფორმირების დაწყება სურს.
ლილუაშვილის თქმით, მათ მიერ დაანონსებული საკადრო ოპტიმიზაციის უკან ის ფისკალური რისკები დგას, რომელიც "ოცნებას" მათ შორის გადასახადების ადმინისტრირების კუთხით შეიძლება შეექმნას.
„ახლა ასე ქაოსურად ადამიანების გაშვება სამსახურიდან არანაირი გეგმის შესაბამისად, არანაირი პრინციპების დაცვით, ეს ჩემთვის ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, არჩევნების წინ ასეთი პოლიტიკური ფასის გადახდა ერთადერთი შეიძლება ემსახურებოდეს უფრო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდის თავიდან აცილებას და ასეთად თუ შევხედავთ შეიძლება ისევ და ისევ იყოს გარკვეული ფისკალური პარამეტრების გაფუჭების რისკების კომპენსირება, არამხოლოდ ამ საკითხის, მაგრამ მათ შორის ამ საკითხით შეიძლება აპირებდეს "ქართული ოცნება".
არანაირი წინაპირობა იმ ვარაუდის ჩამოყალიბების, რომ პოლიტიკური ნება არსებობს რეალური, ხელშესახები რეფორმირების, არ არსებობს. არ შეიძლება რეფორმირება დაიწყო უკუღმა, თუ არ შეიცვალა მმართველობითი სტანდარტი ,თუ არ შემოვიდა კომერციულ პრინციპები სახელმწიფო საწარმოების მართვის კონტექსტში.
შეიძლება დროებით, მიმდინარე ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლები გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ როგორც კი ეს მოკლევადიანი გამოწვევა გადაივლის, რის საპირწონედაც ეს შეიძლება კეთდებოდეს, ისევ მოხდება პარტიული აქტივის შეკრება და ამ სამსახურებში დასაქმება. ეს არის მიმდინარე ოპერატიული საჭიროებიდან რაღაც ნაბიჯი და არაფერი აქვს საერთო რეფორმირებასთან. ამის უკან ვგულისხმობ შესაძლო ფისკალურ გართულებებს რაც შეიძლება ჰქონდეს "ქართულ ოცნებას" პარამეტრების თვალსაზრისით ბიუჯეტში, მათ შორის გადასახადების ადმინისტრირების კუთხით და ამაზე მიანიშნებს არამხოლოდ ამ ხალხის უაპელაციოდ გაშვება, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მრჩევლებისთვის არაანაზღაურებად რეჟიმში გადაყვანას. ამას ემსახურება ის, რომ მრავალ თვითმმართველ ერთეულში ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ გაზრდის მიმართულებით შეფერხდა იმიტომ, რომ არსებობს დანაკლისი. ამ დიდ სურათში თუ შევხედავთ, რეალურ ჯანსაღ რეფორმირებასთან რომ გვქონდეს საქმე, ამის საფუძველი არ არსებობს“,- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
მან „საქმის კურსთან“ ინტერვიუში იმ პრინციპებზე ისაუბრა, რასაც რეალურად სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უნდა დაეფუძნოს.
„ეს არის საკმაოდ მსხვილი სექტორი, სადაც პრობლემური საკითხების კუმულატიურად დაგროვება მოხდა წლების განმავლობაში. იქ არის კვაზი ფისკალური ოპერაციები, რომლებიც საკმაოდ დიდ ტვირთს ქმნის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე და რა თქმა უნდა ამ სექტორის კორპორაციზაცია ნიშნავს, რომ 300 საწარმოში კორპორატიზაციის პრინციპები ანუ კომერციული მმართველობაზე დაფუძნებული პრინციპები დაინერგოს. პირველ რიგში ეს არის ტოპ 20-25 სახელმწიფო საწარმო, რომელიც ქმნის ამინდს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, თუ მთლიანად სახელმწიფო საწარმოების სექტორში. სადაც არ არის კორპორატიზაციის პრინციპების და სტანდარტების დანერგვა ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოხდეს ასეთი საწარმოების ლიკვიდაცია ან პრივატიზაცია.
ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ამაში ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუ ჩავიხედავთ 2022 წელს დამტკიცებულ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების სტრატეგიაში, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს მმართველი სტრუქტურის დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით, რადგან ხშირად წარმოადგენდა პოლიტიკური პირების დასაქმების კანტორას ხშირ შემთხვევაში, რაც სახელმწიფო საწარმოების გაჯანსაღებას ნამდვილად არ ემსახურებოდა, ამიტომ უნდა მომხდარიყო ერთის მხრივ მმართველობის სტანდარტის სრულად მოდიფიცირება მათ შორის კომერციული პრინციპებით და ამას გულისხმობდა პროფესიული ნიშნით დამოუკიდებელი წევრებით სამეთვალყურეო საბჭოების დაკომპლექტება. ამას უნდა მოჰყოლოდა ასევე არაკომერციული ოპერაციების ეტაპობრივი შემცირება, ისეთი კვაზი ფისკალური ოპერაციების შეზღუდვა როგორიც არის ჭარბი დასაქმება და უფუნქციოდ არსებული ხალხი, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო გამჭვირვალობის პრინციპების შემოტანით მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონსენსუსი იქნებოდა ამ ნაბიჯების გადადგმაზე“,- აცხადებს ლილუაშვილი.
გუშინ “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კიდევ ერთხელ გაიხსენა და კადრების მასშტაბური ოპტიმიზაცია დააანონსა. "ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52,5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას. ამ გზით კობახიძე ეკონომიის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო სიპებსა და შპს-ეებშიც.




























