მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არანაირი ვაჭრობა არ იქნება! გავაგრძელოთ ბრძოლა - მე აქედან, თქვენ მაქედან" - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია
24.03.26 19:09
753

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხიდან გამოგზავნილი წერილით ეხმაურება. პოლიტიკოსი, რომელსაც მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აცხადებს, რომ „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლაში ნებისმიერი დისკომფორტისთვის მზად არის.

ხოშტარიას თქმით, მისთვის სასჯელი არა პატიმრობა, არამედ შიში და „რუსებთან შეგუება“ იქნებოდა.

“როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის,ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა - ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და “ქოცების” იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, “ქოცზე” ბევრად უფრო კარგად!

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო “ოპოზიციურ ალიანსს” ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია თავის წერილში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია დღეს, 24 მარტს დამნაშავედ ცნო კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსს 1 წელი და 6 თვე მიესაჯა. ვინაიდან მას საპატიმროში ყოფნის ვადა სასჯელში ჩაეთვლება, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები