მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაქისის კარაქის მწარმოებელი Snacky წარმადობის დაახლოებით 30%-ით გაზრდას გეგმავს

სნექი

არაქისის კარაქის მწარმოებელი კომპანია „სნექი“ 2026 წელს წარმადობის დაახლოებით 30%-ით გაზრდას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ზრდის საფუძველი უკვე მიღებული შეკვეთებია, რაც მოთხოვნის სტაბილურ მატებაზე მიუთითებს.

როგორც BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ზური სამოილენკომ განაცხადა, ამჟამად „სნექი“ თვეში საშუალოდ 20 ტონა პროდუქციას აწარმოებს, თუმცა არსებული რესურსი მნიშვნელოვნად მეტის საშუალებას იძლევა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ კომპანიამ საწარმოო სივრცე გააფართოვა და ტექნიკური განახლება განახორციელა. ერთი თვის წინ დასრულდა სარემონტო სამუშაოები, გაიზარდა ფართი, დაემატა ახალი დანადგარები და სრულად გადაიწყო წარმოების ხაზი, რაც პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის ზრდას ემსახურება.

„პოტენციალი გვაქვს, რომ ორჯერ მეტიც ვაწარმოოთ ყოველთვიურად. რამდენიმე ახალი დანადგარი დავიმატეთ, სივრცეც გავაფარვეთ და შესაბამისად, მეტის წარმოება თავისუფლად შეგვიძლია. ამ პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ დაახლოებით 100 000 ლარი შეადგინა“, – ამბობს სამოილენკო.

მისივე ინფორმაციით, „სნექის“ გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდ ტენდენციას აჩვენებს. გასულ წელს კომპანიის რეალიზაცია გაორმაგდა, რაც ბრუნვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახა : „გასულ წელს ჩვენი გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგდა. ზოგადად, დინამიკაში იმას ვყვებით, რომ ყოველ წელს ჩვენი ბრუნვაც თითქმის ორჯერ იზრდება,“ – ამბობს სამოილენკო.

კომპანია პარალელურად ასორტიმენტის გაფართოებაზეც მუშაობს. 2025 წელს დაემატა ექვსი ახალი სახეობის პროდუქცია, მათ შორის „ქრანჩი“, „სტიკები“, სხვადასხვა ზომის შეფუთვები და B2B სეგმენტისთვის განკუთვნილი დიდი მოცულობის ბოცები.

„დავამატეთ "ქრანჩის" სახეობა, სტიკები და გავაკეთეთ დიდი ბოცებიც ბიზნესისთვის. ერთი ახალი პროდუქტი სატესტო რეჟიმში უკვე გვქონდა და გვინდა, რომ მარტიდან გამოვუშვათ“, – აცხადებს ის.

მისი თქმით, ბრენდის ასორტიმენტში ბრუნდება თაფლიანი არაქისის კარაქიც, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამოღებული იყო.

„თაფლით იქნება ერთი ვარიანტი. თავიდან გვქონდა ეს გემო, მერე კლასიკზე გადავედით და ამოვიღეთ, ახლა ვაბრუნებთ თაფლიან ხაზს – იქნება კლასიკი, "ქრანჩი" და თაფლიანი ვარიანტი“, – ამბობს სამოილენკო.

გარდა ამისა, სამოილენკო ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანია, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ექსპორტისთვისაც ემზადება. „სნექს“ უკვე დანერგილი აქვს HACCP სტანდარტი, ხოლო ISO სერტიფიცირების პროცესს მიმდინარე წელს ასრულებს.

„ISO-ს სერტიფიცირება დაგვაფინანსა USAID-მა და წელს ვნერგავთ, რომ საერთაშორისო სერტიფიკატი გვქონდეს და თავისუფლად გავიტანოთ პროდუქცია ექსპორტზე. დაინტერესება სხვადასხვა ბაზრიდან უკვე გვაქვს – მათ შორის აზიური ქვეყნებიდან, საამიროებიდან და მეზობელი ბაზრებიდან,“ – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„სნექი“ მომხმარებელს ნატურალურ, დანამატების გარეშე წარმოებულ არაქისის კარაქს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისის სავაჭრო ცენტრებში, ასევე ონლაინ – კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, მიტანის სერვისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები