მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაქსელურ მარკეტებში რუსული და ბელარუსული წარმოების პროდუქციის წილი 25%-მდეა - ასოციაცია

6229b1535e2a0
თათია ჩაფიჩაძე
14.03.22 17:27
1509
"ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" ინფორმაციით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 500-მდე არაქსელურ მაღაზიას აერთიანებს, რუსული და ბელარუსული წარმოების პროდუქციას, დაახლოებით, 25%-იანი წილი უჭირავს. როგორც BMG-სთან ასოციაციის ხელმძღვანელმა სანდრო სუბელიანმა განმარტა, აღნიშნულის მიზეზი შედარებით დაბალი ფასია, რაც რუსულ და ბელარუსულ პროდუქციაზე მოთხოვნას განაპირობებს.

მისივე თქმით, ადგილობრივ და მაგალითად, თურქულ ნაწარმს შორის, რუსული პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია, დაახლოებით, 20%-ით იაფია. ბაზრების ჩანაცვლების გათვალისწინებით, ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ფასების მატება მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, გარდაუვალია.

"ჩვენი ქვეყნისთვის, მდებარეობის გათვალისწინებით, რუსული პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომია; შესაბამისად, პირველადი მოხმარების პროდუქტზე მისი წილი ჭარბობს. მოსახლეობა ცდილობს, შეიძინოს ბიუჯეტური პროდუქცია და თურქულთან და ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით, რუსულის და ბელარუსულის ფასი კონკურენტუნარიანია. ასევე საკმაოდ მრავლად არის ბელარუსში ნაწარმოები საკვებიც, რომლის ღირებულებაც ასევე ბევრად დაბალია. ყველა პროდუქტზე ფასთა სხვაობის თქმა გამიჭირდება, თუმცა საშუალოდ 15-20%-ით უფრო იაფია.

ჩვენი მაღაზიების ნაწილში პროდუქციის, დაახლოებით, 20-25% მაინც უჭირავს რუსულ წარმოებას. ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება რუსეთიდან და შესაბამისად, დეფიციტი შეიქმნება. ფასების გაძვირება პანდემიის მიზეზით ჯერ კიდევ ხდება, ამას ემატება ომი და ლარის გაუფასურება და ამ ყველაფრის და დამატებით ბაზრების ჩანაცვლების გამო, რიგ პროდუქციაზე ფასის მატებას ვერ ავცდებით“, - განაცხადა სუბელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები