მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#არარუსულკანონს! საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწორი გზა #ევროპულიგზაა - EDA

გვანცა მელაძე

საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) გამგეობის წევრის გვანცა მელაძის გაუგებარია, რატომ განიხილება საქართველოში ე.წ. რუსული კანონის მიღება, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს და ევროპელი პარტნიორების რჩევაა, არ იქნეს მიღებული მსგავსი კანონი.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ფონდების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, 2012 წლიდან დღემდე „ექსპორტის განვითარების ასოციაციამ“ ათასობით მეწარმეს და კომპანიას გაუწია სხვადასხვა სერვისი.

„ჩვენი დაფინანსების 70%-ზე მეტი, რითაც ვოპერირებთ, არის უცხოური ფონდების მეშვეობით, ისევე როგორც არასამთავრობოების დიდი ნაწილი, ვინც საქართველოში ოპერირებს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, ვიყოთ აღქმული უცხოური ძალის გავლენის გამტარებელ ორგანიზაციად, რადგან მიგვაჩნია, რომ ვიყენებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფონდებს იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი გავაძლიეროთ და მათი ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით, ქართული ინტერესი გავატაროთ.

ვერ ვხვდები, საერთოდ რა საჭიროა ამ კანონპროექტის შინაარსის და ტერმინების განხილვა, თუ ევროკავშირის გზაზე ვართ, გვაქვს კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ველოდებით“, - თქვა გვანცა მელაძემ.

გვანცა მელაძე არ გამორიცხავს, რომ „რუსული კანონის“ მიღებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს იმ გრანტების და უცხოური კრედიტების მოცულობაზე, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის მთავრობა იღებს.

„ექსპორტის განვითარების ასოციაცია“ ერთ-ერთია ფერმერთა სათათბიროში შემავალ 19 ორგანიზაციას შორის, რომელმაც საქართველოს პარლამენტს „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდა.

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, „ექსპორტის განვითარების ასოციაციამ“ საკუთარი პოზიცია facebook-გვერდზეც დააფიქსირა.

„ექსპორტის განვითარების ასოციაცია წლების განმავლობაში ახორციელებს საერთაშორისო დაფინანსების მეშვეობით პროექტებს კერძო სექტორისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ამ ინიციატივების ფარგლებში ასოციაციამ გადაამზადა, კონსულტაცია ჩაუტარა და დაეხმარა ათასობით ქართულ კომპანიასა თუ მეწარმეს.

ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ ევროპული გზა ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების სწორი გზა. #არარუსულკანონს! #ევროპული გზაა“, - ნათქვამია facebook-განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები