მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქართულ სახელოვნებო სივრცეში ყოველდღიურად გვთავაზობენ სიახლეებს ახალი თაობის წარმომადგენლები. ამის დადასტურებაა „არასაქველმოქმედო აუქციონი“, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლი სტუდენტების - ანო ჯიშკარიანის, ანასტასია ახვლედიანის, თიკა შელიასა და სალომე ფოცხვერაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.
პირველად აუქციონი 2018 წლის თებერვალში გაიმართა, უახლოეს მომავალში კი, პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, რიგით მეორე არასაქველმოქმედო აუქციონიც ჩატარდება.
სტუდენტებმა საკუთარი ინიციატივის განხორციელება საკუთარ თანაკურსელებთან - ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ფერწერის მიმართულების სტუდენტებთან დაიწყეს.
აუქციონის ექსპონანტები ორ ნაწილად იყოფოდა - პირველ ნაწილში გამოფენილი იყო აღიარებული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები: კარლო კაჭარავასა და ოლეგ ტიმჩენკოს 80-90იან წლებში შესრულებული ფერწერები, ასევე, დავით კუხალაშვილისა და გიორგი ხანიაშვილის ადრეული ნახატები და ლევან ჭელიძის ნატურმორტი. მეორე ნაწილში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრები ფიგურირებდა, რომელთა უმეტესობას ქართული თემატიკა აერთიანებდა, იქნებოდა ეს სალომე ჯოხაძის “თანამედროვე ყაჯარები” თუ გიორგი გელაძის ქართული ტექსტები ტილოზე. ამასთან ერთად, წარმოდგენილი იყო ანასტასია ახვლედიანის ქართული არტეფაქტებითა
და ორნამენტებით ინსპირირებული ტილოებისა და უცნობი წმინდანების სერია, ფაფო ფაჩუაშვილისა და გიორგი ვარდიაშვილის შერეული ტექნიკით შესრულებული კოლაჟები თბილისის ფოტოსურათებზე.
„მათი ყოველდღიური წინსვლის ყურება, აქტიურობა და შემოქმედების სიყვარული ჩვენთვის დიდი მოტივაცის წყარო გახდა“, - ამბობენ იდეის ავტორები.
პირველი აუქციონი საკმაოდ წარამტებული აღმოჩნდა. გაიყიდა ნამუშევრების 80%, სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებისათვის ამ საქმის გაგრძელების მთავარი მუხტი, იმ დიდ ინტერესთან და გვერდში დგომასათან ერთად, რაც გამოფენის სტუმრებისაგან მიიღეს.
„გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა საქართველოში პირველი აუქციონის სახლი, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა თემითა და კონტენტით ჩაატარებდა აუქციონს. დაავარსეთ ბრენდი, სახელწოდებით „არასაქველმოქმედო აუქციონი“, რომლის მთავარი მიზანია, გააძლიეროს ინტერესი ქართული ხელოვნების მიმართ და აქციოს იგი გაყიდვად პროდუქტად. ასევე, გვინდა სტიმული მივცეთ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე შემდგარ მხატვრებს, რომ მათი შემოქმედება შემოსავლის წყაროდ აქციონ“.
სტუდენტი ხელოვანებისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი გამოწვევა და, ამასთანავე, ახალი გამოცდილება იყო.
„ჩვენი დიდი გამოწვევა იყო, პირველად შევჭიდებოდით სახელოვნებო სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებებს, აუქციონის ჩატარების პრინციპებს, ყველა საჭირო ასპექტს, გავიარეთ კონსულტაციები ლოკალურ არტ ბაზარზე არსებულ სტრუქტურებთან. მთლიანად ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მოგვცა იმის სტიმული, რომ წარმატებულად განხორციელებულიყო ჩვენი მცდელობა“.
მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ეს ღონისძიება ექციათ არა მხოლოდ საქველმოქმედო, არამედ შემოქმედთა წარდგენისა და მათი შრომის შეფასების ერთგვარ წყაროდ.
აუქციონის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა ქართველი არტისტების რეალიზება და ხელის შეწყობა, მათი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და ცნობადობის ამაღლება.
„ავარჩიეთ 11 სტუდენტის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული 26 ნამუშევარი. ესთეტურობისა და ტექნიკის მიუხედავად, ნამუშევრებში მათი საერთო ემოცია და ძალა ნამდვილად იგრძნობოდა. გააზრებულად, ნამუშევრების უმრავლესობას ქართული თემატიკა აერთიანებდა, ჩვენთვის ეს ფაქტი ქართული ხელოვნების იდენტურობას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს, რაც სტუდენტების გამართლებულ მცდელობად მიგვაჩნია.“
ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში არსებული მდგომარეობა და დამოკიდებულებები გახდა ინსპირაციის წყარო.
„ვინაიდან სიტყვა „აუქციონი“ საზოგადოებაში ქველმოქმედებას უკავშირდება, ხელოვანებს ნამუშევრების „გაჩუქება“ და „შეწირვა“ ხშირად უწევთ ამა თუ იმ საქველმოქმედო ღონისძიებებისათვის. რეალურად, საზოგადოებაში არ არსებობს იმის აღქმა, რომ ნამუშევარი ხელოვანისათვის პროფესიული შედეგია, მისი შემოსავლის წყარო და ხელოვნების ნიმუში, რომელსაც მრავალი დამატებითი ღირებულება გააჩნია. საქართველოში „არტ ბაზრის“ თითქმის არარსებობიდან გამომდინარე, მცირეა შესაძლებლობები, რომ ხელოვნება გახდეს გაყიდვადი და ხელოვანის პროფესია დაფასდეს. მით უმეტეს, ამ ცნობიერების ამაღლება აუცილებელია ახალგაზრდა ხელოვანებისათვის, რომლებიც ახლა ცდილობენ პროფესიულ განვითარებას და მოითხოვენ საზოგადოებისგან დაფასებას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ „არასაქველმოქმედო აუქციონი“ ხელოვანებისათვის სტიმულის მიცემის ერთგვარი მცდელობაა“.
მეორე აუქციონის თემაზე, რომლის ჩატარებაც უახლოეს მომავალში იგეგმება, ბევრი არ უფიქრიათ, რამდენადაც ინიციატორთა ჯგუფს წარმოადგენენ გოგონები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალის როლსა და ადგილზე ქართულ ხელოვნებაში.
ხელოვანი სტუდენტებისათვის ყოველთვის აქტუალური და საინტერესო იყო იმის ძიება, თუ რა როლს ასრულებდა ქალი ქართული ხელოვნების განვითარებაში. ამ თემის არჩევა ერთგვარად სიმბოლურიცაა მათთვის, რადგან თავად არიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ქალები.
ისტორიის განმავლობაში, ეპოქების ცვლილებასთან ერთად, ქართულ ხელოვნებაში ქალის ადგილიც იცვლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არასოდეს იყო ისეთივე დაფასებული, როგორც კაცი, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელოვანი ქალების რაოდენობა ხელოვნების ისტორიაში მცირეა. ეპოქისა და წყობის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ არ ეძლეოდათ საშუალება, ყოფილიყვნენ მამაკაცი ხელოვანებივით დაფასებულები და აღიარებულები.
„გვინდა ვაჩვენოთ, როგორ შეიცვალა ქალი ხელოვანის აღქმა დროთა განმავლობაში საქართველოში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ აუქციონზე ყურადღება გაგვემახვილებინა სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ ქალ ხელოვანებზე და, ერთი მხრივ, გვეპასუხა შეკითხვაზე, როგორ განვითარდა ქალი ხელოვანის ხედვა, აღქმა და საზოგადოების მიდგომა მათი შემოქმედების მიმართ, ისინი გახდნენ უფრო თამამები და გათავისუფლდნენ არსებული დოგმებისაგან. ამ საკითხის პარარელურად, ჩვენთვის საინტერესოა, როგორი იყო “ფემინურობა”, როგორც თემა და, ზოგადად, მამაკაცი ხელოვანების შემოქმედებაში როგორი იყო ქალი ადრე და როგორია ის დღეს.“